სამედიცინო სფეროში მთავრობის პოლიტიკას მაგდა ანიკაშვილი უსამართლოს და უგუნურს უწოდებს. „ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ამის შესახებ დღეს საქართველოს მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით გამართულ აქციაზე განაცხადა.
„ასეთი პოლიტიკის შედეგად ჩვენ მივიღეთ უმძიმესი შედეგი ორი მიმართულებით, პირველი - კიდევ უფრო გაძვირდა სამედიცინო მომსახურება და მეორე - სამუშაო ადგილი დაკარგა მედიცინის ბევრმა მუშაკმა. დღეს გვაქვს მდგომარეობა, როცა უკმაყოფილოა ექიმიც და პაციენტიც, როცა კრიტიკას ვერ უძლებს სადაზღვევო სფეროს მუშაობა. ეს, რა თქმა უნდა, მთავრობის უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგია" - აცხადებს ანიკაშვილი.
მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფესიული კავშირის წევრებმა პარლამენტის შენობასთან დღეს სოციალური მდგომარეობის გამოსწორება მოითხოვეს და სამსახურებიდან ექიმების მასობრივი დათხოვნა გააპროტესტეს.