"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, პირადად დაინტერესდეს ნავერიანის საქმის დეტალებით. მისი თქმით, პრეზიდენტის დაინტერესებით შესაძლებელი იქნება კანონით გათვალისწინებული მექანიზმების საშუალებით მოხდეს გამოსავლის მოძებნა მოცემულ საქმეში და პატიმრები რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს.
"თავისუფალი დემოკრატები, პირველი დღიდანვე, ირაკლი ალასანიას პირადი წარმომადგენლის მეშვეობით, ახორციელებდნენ ნავერიანისა და ჯაფარიძეების საქმეზე მონიტორინგს. თავისუფალი დემოკრატები მკაცრად გმობენ იმ ფაქტს, რომ მესტიაში ტურისტული პროექტების დაწყებისას, არ იქნა შესწავლილი ადგილობრივი კონტექსტი და ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეებისადმი ჩასაფრებულის პოზიცია აირჩია", - განაცხადა ალასანიამ.
ამასთან, ირაკლი ალასანია საპროცესო შეთანხმების მოლაპარაკებებში ჩართულ მთავარ პროკურატურას გონივრული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს. მისი აზრით, მომდევნო სასამართლო სხდომა, რომელიც 16 მარტისთვის ჩაინიშნა, საქმიდან სამართლებრივი გამოსავლის მოძებნას უნდა მიეძღვნას.
ირაკლი ალასანია მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებს საქართველოში, დაინტერესდნენ ნავერიანისა და ჯაფარიძეების საქმით და დღეიდანვე განახორციელონ მის მიმდინარეობაზე ზედმიწევნითი მონიტორინგი.
შეგახსენებთ რომ, 7 ივლისს დიდი ოდენობით ფულადი თანხის ჯგუფურად გამოძალვის ფაქტზე დაბა მესტიის მცხოვრებლები დავით ჯაფარიძე, ტარიელ ჯაფარიძე, შოთა ჯაფარიძე და ნელი ნავერიანი დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, აღნიშნული პირები კანადელი ბიზნესმენის, ჯეიმს სიმპსონის წარმომადგენელს ფულს სძალავდნენ.