"ქრისტიან-დემოკრატების" შეფასებით, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთზე საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ უნდა გააკონტროლოს.
როგორც ჟურნალისტებს "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განუცხადა, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების სიმწვავის და დაპირისპირების ხარისხის გათვალისწინებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განლაგება საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, კერძოდ კი ფსოუს და როკის გვირაბის საბაჟოებზე ძნელი მისაღწევი იქნება.
"უნდა გავიხსენოთ პრეცედენტი, რომელიც მოქმედებს მოლდოვაში დნესტნისპირეთის კონფლიქტურ ტერიტორიაზე, სადაც ევროკავშირის მონიტორინგის სადამკვირვებლო მისია საზღვრებზე აწარმოებს სრულ აღწერას, როგორც ტვირთბრუვის ასევე ადამიანთა გადაადგილების შესახებ. ევროკავშირის მანდატით აღჭურვილის ადამიანები, შესაბამისი პროფესიული ტექნიკით საკმაოდ კარგად ართმევენ თავს ამ ფუნქციებს და მოვალეობებს. საქართველო-რუსეთის ურთიერთობების სიმწვავის და დაპირისპირების ხარისხის გათვალისწინებით კარგად მესმის, რომ რთული რთული მისაღწევი იქნება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განლაგება საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, მხედველობაში მაქვს ფსოუს და როკის გვირაბი. თუმცა ვფიქრობ, რომ მოლაპარაკების პროცესში საქართველოს პოზიცია უნდა იყოს მაქსიმალურად პრინციპული", - აღნიშნა თარგამაძემ.
მისივე შეფასებით, საქართველოსა და რუსეთს შეუძლიათ საერთო ინტერესების გამონახვა, თუ ორი ქვეყნის პოლიტიკური ელიტა და ხელისუფლება მოახერხებს სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებისა და პრიორიტეტების გამოკვეთას.
"ეს უპირველეს ყოვლისა რუსეთის მხრიდან უნდა ითვალისწინებდეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, ისევე როგორც რუსეთის მიმართულებით საქართველოს ნათელი პოზიციების ჩამოყალიბებას, რომ ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ჩრდილოეთ კავკასიაში დესტრუქციული ქმედებების ხელშეწყობით და პირიქით მზად ვართ ყველაფერ გავაკეთოთ იმისთვის, რომ კავკასიაში სამშვიდობო პროცესების და სტაბილურობის ერთ-ერთ მთავარი ხელშემწყობი გავხდეთ", - აღნიშნა დეპუტატმა.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის თქმით, მოლაპარაკებების დაწყების ფაქტი მისასალმებელია, თუმცა ყველას კარგად გესმის, რომ შეიძლება ამას დასჭირდეს დიდი დრო და სერიოზული მცდელობა.
"თუმცა ამაზე პასუხი არ შეიძლება იყოს ხელის ჩამოშვება და მოლაპარაკებზე უარის თქმა", - დასძინა თარგამაძემ.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვსა და თბილის შორის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების პირველი სამუშაო შეხვედრა 9 მარტს, ბერნში გაიმართება.