წალენჯიხაში "ეროვნული ფორუმის" წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი კონფერენცია უკვე დასრულდა. ამისათვის საგანგებოდ რაიონში "ფორუმის" ლიდერები - კახაბერ შარტავა, გუბაზ სანიკიძე და რევაზ შავიშვილი იყვნენ ჩასულნი.
დამფუძნებელ კონფერენციას პარტიის 200-ზე მეტი წევრი ესწრებოდა. "ეროვნული ფორუმის" წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვახტანგ ქუჩულორია აირჩიეს.
დამფუძნებელ კონფერენციაზე "ფორუმის" ლიდერებმა პარტიის წევრებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და პარტიის სამომავლო გეგმებიც გააცნეს.
აღსანიშნავია, რომ წალენჯიხაში, გუშინდელისგან განსხვავებით, კონფერენციის ჩატარებისთვის ხელი არ შეუშლიათ. შეგახსენებთ, რომ გუშინ ფოთში ადგილობრივი ხელისუფლებისა და ძალოვანი სტრუქტურების ზეწოლით, დარბაზების მფლობელები "ფორუმელების" დარბაზში შეშვებაზე უარს აცხადებდნენ, თუმცა, საბოლოოდ, კონფერენცია სპორტსკოლის დარბაზში მაინც შედგა.
შემდეგ რაიონულ ორგანიზაციას "ეროვნული ფორუმი" ზეგ, 4 დეკემბერს, საგარეჯოში დააფუძნებს.