"საქართველოს ეკლესიას არავითარი კავშირი ილორის წმინდა გიორგის ტაძართან არც ჰქონია და არც აქვს", - აცხადებს სეპარატისტრული აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ე. წ. ხელმძღვანელი ბესარიონ აპლია და ქართული მხარის მიერ გავრცელებულ მორიგ "სიცრუესა და პროვოკაციას" უწოდებს ინფორმაციას ილორის წმინდა გიორგის ტაძრის ბარბაროსული ე. წ. რეკონსტრუქციის შესახებ. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს სპეცსამსახურების, მათ შორის საპატრიარქოს მორიგი პროვოკაციაა და სხვა არაფერი.
"ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მთელს მსოფლიოს, რომ მათ კარგად შეუძლიათ სიცრუე და ცრუმოწმეობა, ყველაფერი ეს კი ძალიან სახიფათოა ქრისტიანისთვის. მათ ღმერთი განსჯის. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს გადავეცით ამომწურავი დოკუმენტაცია, იმის შესახებ, თუ ვინ და როდის დაარღვია ტაძრის ისტორიული იერსახე: ისტორიული ცნობა მე-16 საუკუნიდან დაწყებული, რომელიც სახელმწიფო არქივისა და ისტორიული ძეგლების დაცვის სამმართველოსთან ერთად მოვამზადეთ", - აცხადებს აპლია.
მისი თქმით, "ტაძრის პირველადი ერსახე ქართველებმა ჯერ კიდევ 40-50 წლებში დაარღვიეს, როდესაც სიწმინდის თავზე ქართული გუმბათი აღმართეს. მანამდე იქ არავითარი გუმბათი არ იყო, 1992-1993 წლის ომის დროს კი ის გუმბათი ჩამოინგრა და მიძღვარმა ახალი გუმბათი დაადგა, რათა ტაძარში წყალი არ ჩასულიყო. ამით კი არავითარი არქიტექტურული ხასიათის დარღვევა არ მომხდარა", - აცხადება აპლია და საქართველოს საპატრიარქოს პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს.
"საქართველოს ეკლესიას არავითარი კავშირი არა აქვს იმასთან, რაც აფხაზეთში ხდება, მას არავითარი კანონიკური უფლება არ გააჩნია - არ არსებობს არც ერთი დოკუმენტალური დასტური იმისა, რომ აფხაზეთის ეკლესია საქართველოს ეკლესიის შემადგენელი ნაწილია - აფხაზური ეკლესია თავად იყო ავტოკეფალური", - აცხადებს აპლია და აღნიშნავს, რომ აფხაზეთი თავის სიწმინდეებს ყოველთვის უფრთხილდებოდა და გაუფრთხილდება - "საქართველოს ეკლესიას კი არავითარი კავშირი ილორის წმინდა გიორგის ტაძართან არც ჰქონია და არც აქვს, ტაძარი მშვენიერ მდგომარეობაშია. ეს წმინდა ადგილია. აფხაზურად ამ ადგილა "აიდგილარა" ეწოდება ანუ აქ უხსოვარი დროიდან მოდიოდნენ ადამიანები იმისთვის, ღვთის წინაშე წარმდგარიყვნენ".
აპლია აცხადებს, რომ აფხაზური სულიერება აღორძინების გზაზეა და ვერვინ ვერ შეძლებს ამისთვის ხელის შეშლას - ვერც ქართული და ვერც რომელიმე სხვა ეკლესია.
"გარდა სიყვარულისა და მშვიდობისა, არავისგან არაფერს ველით, მაგრამ მთელი ჩვენი მზერა მოსკოვის საპატრიარქოსკენაა მიმართული, რომელიც აღორძინებაში გვეხმარება. ასე რომ, ქართულ ეკლესიას აფხაზეთის სიწმინდეებთან არც აქვს რაიმე სახის კავშირი და არც შეიძლება ჰქონდეს", - აცხადებს აპლია.