პოლიტოლოგ გოა ნოდიას განცხადებით, საქართველოსა და თურქეთში რელიგიური ძეგლების დაცვის შესახებ შეთანხმება ქართულ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის მნიშვნელოვანი განხეთქილების წყაროდ იქცა.
"თურქეთში საშუალო საუკუნეების რამდენიმე ქრისტიანული ტაძარია, რომლებიც ქართული კულტურის მნიშვნელოვან ნიმუშებად არის მიჩნეული. თუ მათი აღდგენა დროზე არ მოხდა, ისინი შეიძლება სამუდამოდ დაიკარგოს. სანაცვლოდ თურქეთის მთავრობა ცდილობს სამი მეჩეთის აღდგენისა და მეოთხის აშენების უფლება მოიპოვოს. ეს უკანასკნელი იმ მეჩეთის სანაცვლოდ უნდა აშენდეს, რომელიც საბჭოთა ეპოქაში დაანგრიეს", - წერს პოლიტოლოგი რადიო "თავისუფლებისთვის" დაწერილ სტატიაში.
მისივე განმარტებით, მსგავსი შეთანხმება სამი წლის წინაც არსებობდა, მაგრამ ბოლო წუთს პატრიარქის მიერ დადებულმა ვეტომ ხელმოწერა ჩაშალა.
"იმ დროს მთავრობა ოპოზიციის ხელმძღვანელობით მიმდინარე მასობრივ დემონსტრაციებს შეუშინდა და ვერ გაბედა ეკლესიის ნების წინააღმდეგ წასულიყო. რეალურად ის შეთანხმება საჯაროდ არც კი განხილულა.
ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად ბათუმში, აჭარის რეგიონში ახალი მეჩეთის აშენება იქცა. რეგიონს ავტონომიური სტატუსი ძირითადად თავისი რელიგიური იდენტობის გამო აქვს - ესაა ადგილი, სადაც ბევრი ქართველი მუსულმანი ცხოვრობს და რადგან ახლა იქ მოსახლეობა შერეულია, ქრისტიანული და მუსულმანურია, მეჩეთის აშენების საკითხი სენსიტიურია. იმის გამო რომ ოპოზიცია კონსერვატიულ რელიგიურ და ნაციონალისტურ პოზიციაზე დადგა, მთავრობამ იგრძნო რომ უკეთესი იქნებოდა არ შეხებოდა ამ მწვავე საკითხს და ჩუმად დაიხია უკან. მაგრამ ახლა მთავრობა თურქეთთან შეთანხმების ახალ ვერსიაზე მუშაობს. ამჯერად ყველაფერი ღიად ხდება. ეკლესიას აცნობეს, რომ მის აზრს მოისმენენ, მაგრამ მას ვეტოს უფლება არა აქვს", - ნათქვამია სტატიაში.
ამასთან, პოლიტოლოგის შეფასებით, "ეს მხოლოდ ძველი ტაძრების გადარჩენის საკითხი აღარ არის" და საუბარი "მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ძალთა ბალანსსაც შეეხება".
"სხვა სიტყვებით ესაა ბალანსი, სააკაშვილის მთავრობის სეკულარულ, სამოქალაქო ნაციონალიზმსა და ეთნო-რელიგიურ-კულტურულ ნაციონალიზმს შორის, რომელიც სულ უფრო მეტად ერთიანდება ეკლესიის გარშემო", - აღნიშნავს პოლიტოლოგი სტატიაში.