"ბოლო წლებში, პირველად მრავალი წლის განმავლობაში, მაღალკვალიფიციური ქართველი სამხედრო ოფიცრები და არმია გაგვიჩნდა; გაგვიჩნდა ქართული სუვერენული სახელმწიფოს სამხედრო განათლების სკოლა და სამხედრო კვალიფიკაციის ამაღლების მექანიზმი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოკუპაციის მუზეუმში საქართველოს გასაბჭოების დღესთან დაკავშირებით კადეტთა კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
"ჩვენ, როგორც იმპერიის ერთ-ერთ დაპყრობილ სუბიექტს, რომელიც ცნობილი იყო თავისი თავისუფლებისმოყვარეობით და ეროვნული სიამაყით, საბჭოთა კავშირმა გეგმაზომიერად გაუნადგურა კვალიფიციური ოფიცრების თაობები, ხოლო შემდეგ საერთოს აკრძალა ქართველი ოფიცრების გაზრდა და ქართველი ოფიცრების მიღება შეიარაღებულ ძალებში", _ განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ეს იყო ზუსტად გათვლილი ნაბიჯები - საქართველომ აღადგინა სახელმწიფოებრივი მენტალობის ყველა ის ატრიბუტი, რაც დიდი მონდომებით გაანადგურა ჯერ რუსეთის, ხოლო შემდეგ საბჭოთა კავშირის იმპერიამ, რათა საქართველო არასდროს აღარ შემდგარიყო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.
"მათ ეს იმდენად წარმატებით მოახერხეს, რომ როდესაც 80-იანი წლების დამლევს, როდესაც დღის წესრიგში რეალურად დადგა საბჭოთა კავშირის დაშლის საკითხი, მოსკოვში ყველა დარწმუნებული იყო, რომ საქართველო ვერასოდეს შედგებოდა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, რადგან მას არ გააჩნდა ამისათვის საჭირო ატრიბუტები", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და ხაზგასმით აღნიშნა: "დღეს უკვე სხვა რეალობაში ვიმყოფებით, დღეს საქართველო შედგა, როგორც სახელმწიფო, მისი მოქალაქეები აზროვნებენ სახელმწიფოებრივად და გვყავს პოლიტიკური კლასი, რომელიც ჩამოაყალიბა სუვერენულმა ქართულმა სახელმწიფომ. ფუნქციონირებენ სახელმწიფო ინსტიტუტები, გვაქვს სახელმწიფო სიმბოლიკა, რომელსაც ხალხი პატივს სცემს, გაჩნდა სულ სხვა პატივისცემა დროშისა და გერბის მიმართ. ხალხმა, მათ შორის ძალიან პატარა ბავშვებმაც კი ,ზეპირად იციან ეროვნული ჰიმნი. მოქალაქეებს გაცნობიერებული აქვთ პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე და სახელმწიფო ასრულებს ძირითად ვალდებულებებს საქართველოს საკუთარი მოქალაქეების მიმართ".
პრეზიდენტის მიმართვას ოკუპაციის მუზეუმში საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს პირველი მთავრობის მეთაურის, ნოე ჟორდანიას შთამომავლები და იუნკერების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.