ჩემი მესიჯი ევროპელი პარტნიორების მიმართ არის ის, რომ სათანადოდ შეაფასეთ ის, რასაც ჩდის რუსეთი საქართველოში, რომელიც სამხედრო ომის შემდეგ ჰიბრიდულ ომშია - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, საქართველოში მოქმედი ხელისუფლების ანტიევროპული კურსი მოსკოვში მიმდინარე პროცესებთან არის დაკავშირებული და „ქართული ოცნება“ რუსეთის სისუსტის ნიშნების გამოჩენისას მანევრირებას იწყებს.
"გეთანხმებით, რუსეთმა წააგო, მაგრამ ეს ჯერ კიდევ საბოლოოდ გასაფორმებელია. და ამას ძალიან კარგად ვხედავთ საქართველოში, სადაც ეს რეჟიმი, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვა საქართველოში უკვე აკრძალულია. მაგრამ რეჟიმი, ყოველ ჯერზე, როცა ჩნდება განცდა, რომ მოსკოვში სისუსტეა, იწყებს მანევრირებას.
სინამდვილეში, მათი კონსოლიდაცია, როგორც ანტიევროპული ძალისა, 2021 წლის ზაფხულიდან ხდება, დაახლოებით იმ დროს, როცა რუსეთი უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილებას იღებს.
ძალიან რთულია წარმოიდგინო დემოკრატიული რუსეთი, რომელიც კვლავაც მსოფლიოს ტერიტორიის ერთ მეშვიდედს მოიცავს.
შეუძლებელია ერთდროულად იყო დემოკრატიული სახელმწიფო და იმპერია. სწორედ ეს გვასწავლა ისტორიამ.
ამიტომ რუსეთის დამარცხების წინაშე შიში არ უნდა არსებობდეს. ვფიქრობ, ეს არის მთავარი გაკვეთილი, რომელიც ისტორიიდან უნდა ვისწავლოთ.
დიახ, რუსეთი დამარცხდება, რუსეთი უნდა დამარცხდეს. და უკრაინას ახლა ამ გამარჯვების მთავარი ტვირთი საკუთარ მხრებზე აწევს. მაგრამ უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ ბოლომდე.
მსოფლიო მშვიდობისთვის საფრთხე სწორედ ის იქნება, თუკი რუსეთი დარჩება ისეთი, როგორიც დღეს არის და ეს სახიფათოა არა მხოლოდ ჩვენთვის, ვინც რუსეთის გარშემო ვიმყოფებით.
ეს სახიფათოა სხვა ქვეყნებისთვისაც, რომლებამდეც მიღწევა დღეს უკვე ყველა ახალი ტექნოლოგიის საშუალებით არის შესაძლებელი.
რუსეთის ჰიბრიდულ ომს შეუძლია გაცილებით შორს წასვლა. ამიტომ უნდა არსებობდეს მტკიცე გადაწყვეტილება, რომ ბოლომდე მივიდეთ. ავტორიტარიზმზე დემოკრატიის სრულ გამარჯვებამდე", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ზუფაბიშვილის თქმით, საქართველოს მეტი გამოცდილება აქვს იმისა, თუ რას ნიშნავს რუსული პროპაგანდა.
"ჩვენ ყველაზე მეტი გამოცდილება გვაქვს იმისა, თუ რას ნიშნავს რუსული პროპაგანდა და ჩვენ ვიცით, რა არის განსხვავება პროპაგანდასა და რეალობას შორის. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ მას მაინც აქვს ეფექტი. არ მინდა მისი მნიშვნელობა გავამძაფრო, მაგრამ მას აქვს ეფექტი.
და ბოლოს, ამის ნიშნები დავინახე ისტორიული ნარატივის ცვლილების მცდელობისას. მაგალითად როცა საუბარი დაიწყეს გეორგიევსკის ტრაქტატზე და იმაზე, რომ თითქოს რუსეთმა გადაგვარჩინა დანარჩენი სამყაროსგან - ზოგიერთები ამას იმეორებენ კიდეც.
ჩემი გზავნილი ევროპელი პარტნიორების მიმართ არის ის, რომ სათანადოდ შეაფასონ ის, რასაც სცდის რუსეთი საქართველოში, რომელიც სამხედრო ომის შემდეგ ჰიბრიდულ ომშია. შეიძლება ეს უფრო ნაკლებად გამჭვირვალე და ცხადია, მაგრამ ის მცირედით ზოგიერთმა ევროპულმა სახელმწიფომაც გამოცადა და იცის რას ნიშნავს.
ჩემი გზავნილი იქნება ევროპელი პარტნიორებისადმი, რომ არ დააკნინონ ის, რასაც რუსეთი საქართველოში სცდის და ეს არის ჰიბრიდული ომი - ნარატივი, რომელიც აქამდე შეუძლებლად გვეჩვენებოდა, მოულოდნელად ხდება შესაძლებელი უდიდესი პროპაგანდის, სოციალური ქსელის, ხელოვნური ინტელექტის გამო", - თქვა ზურაბიშვილმა. ["ტვ პირველი"]