ესტონეთი ქალაქ ტაპაში განლაგებულ მთავარ სამხედრო ბრიგადას რუსეთთან საზღვრიდან დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარე იიჰვისში გადაანაწილებს. ქვეყნის ხელისუფლება ამას რუსეთის მხრიდან შესაძლო აგრესიისთვის მზადებით ხსნის.
როგორც Financial Times წერს, ესტონეთი სამხედრო ძალებს რუსეთის საზღვართან სულ უფრო ახლოს განათავსებს და ყიდულობს შეიარაღებას, რომელსაც რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმის განხორციელება შეუძლია. ქვეყნის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მოსკოვის მხრიდან შესაძლო საფრთხისთვის, მათ შორის უკრაინის ფარგლებს გარეთ, მზადებაა საჭირო.
გამოცემის ცნობით, ესტონეთის შეიარაღებული ძალებისა და დაზვერვის ხელმძღვანელები არ მიიჩნევენ, რომ რუსეთი უახლოესი ორი წლის განმავლობაში ნატო-სთან სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას გეგმავს. თუმცა, მათი შეფასებით, მოსკოვი ესტონეთთან შესაძლო სამომავლო კონფლიქტისთვის ემზადება. სწორედ ამ გარემოებამ უბიძგა ესტონეთს, რომელსაც საკუთარი სამხედრო-საჰაერო ძალები არ ჰყავს, „აქტიური თავდაცვის“ სტრატეგიაზე გადასულიყო.
„ჩვენ საზღვრიდან უნდა დავიწყოთ და პირველივე ბრძოლებში უნდა გავიმარჯვოთ“, -ესტონეთის პირველი ბრიგადის მეთაურმა განაცხადა პოლკოვნიკმა ტარმო კუნდლამ.
სწორედ მისი მეთაურობით მოქმედი ქვედანაყოფი ტაპიდან იიჰვიში მუდმივად გადაინაცვლებს, სადაც სამხედროების განსათავსებლად ამჟამად ახალი, დიდი ობიექტები შენდება.
„შეკავება არ მუშაობს. ჩვენთვის, ბალტიის ქვეყნებისთვის, ამ საკითხის გადასაჭრელად კრიტიკული პერიოდი მომდევნო 1-4 წელია“, - განაცხადა ესტონეთის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა.
ესტონეთის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მათ უნდა უზრუნველყონ, რომ ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია „წარმოუდგენელი გახდეს“.
„ჩვენი მიზანი ნათელია: შევაკავოთ მტერი და ომის დამანგრეველი შედეგები ესტონეთის ტერიტორიისგან შორს შევინარჩუნოთ“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
მაისში ესტონეთის მთავრობამ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ტერმინი „აქტიური თავდაცვა“ დაამკვიდრა. მას შემდეგ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა რეორგანიზაციის პროცესი დაიწყეს.
ესტონეთის მთავარი სამხედრო ბაზიდან, ტაპიდან, ელიტური ქვედანაყოფები მუდმივად გადაჰყავთ რუსეთის საზღვართან უფრო ახლოს მდებარე პოზიციებზე. ამასთან, სასაზღვრო ქალაქ ნარვაში 1 000 სამხედრო მოსამსახურისთვის განკუთვნილი ახალი ბაზაც შენდება.