კატარის შუამავლების მცდელობებმა, აშშ-სა და ირანს შორის დიპლომატიური გარღვევისთვის, ამ კვირაში მნიშვნელოვან შედეგს ვერ მიაღწია, რადგან არც ერთი მხარე არ არის მზად დათმობებზე წავიდეს. ამის შესახებ Axios სამი წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, შექმნილი ჩიხური ვითარება ზრდის ორივე მხარეს შორის სამხედრო კონფლიქტის განახლების რისკს. აშშ-ის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა შუალედური არჩევნების შემდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციების განახლების ბრძანება გასცეს.
კატარის ოფიციალური პირები შუამავლობის გაგრძელებას აპირებენ, თუმცა, ორი წყაროს ცნობით, ისინი ორივე მხარის პოზიციით სულ უფრო იმედგაცრუებულები არიან.
Axios-ის ინფორმაციით, კატარის შუამავალმა ალი ალ-თავადიმ ორშაბათს ნიუ-იორკში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთან და მის გუნდთან რამდენიმესაათიანი შეხვედრა გამართა.
გამოცემის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა კატარის მიერ მომზადებული ორგვერდიანი კომპრომისული წინადადება განიხილეს.
მანამდე, 28 სექტემბერს, Axios წერდა, რომ ტრამპმა ირანისთვის სანქციების შემსუბუქება და გაყინულ აქტივებზე წვდომა შესთავაზა, სანაცვლოდ კი თეირანისგან ბირთვული პროგრამის შეზღუდვის კონკრეტულ ნაბიჯებს ითხოვდა.
Axios-ის ცნობით, კატარის მიერ მომზადებული გეგმა ითვალისწინებდა როგორც ირანის მოთხოვნის - აშშ-ის მიერ დაწესებული საზღვაო ბლოკადის მოხსნის დაკმაყოფილებას, ასევე ვაშინგტონის მოთხოვნას, რომ თეირანი ბირთვულ სფეროში დათმობებზე წასულიყო.
ორშაბათს საღამოს კატარის შუამავალმა ალი ალ-თავადიმ ვაშინგტონში დონალდ ტრამპის წარმომადგენელ ჯარედ კუშნერთან და სხვა ამერიკელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებები გამართა. შეხვედრის მცირე ნაწილს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსიც ესწრებოდა.
ორშაბათს დილით თეთრ სახლში იმედოვნებდნენ, რომ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნებოდა. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის Axios-თან საუბრისას, მოლაპარაკებებს „პოზიტიური და კონსტრუქციული“ უწოდეს და განაცხადეს, რომ ირანმა მიანიშნა, რომ ბირთვულ საკითხებში მოქნილობისთვის მზად იყო.
ამერიკელი ოფიციალური პირები ასევე აცხადებდნენ, რომ ტრამპი მზად იყო, ირანისთვის სანქციები შეემსუბუქებინა და გაყინული თანხები განებლოკა, სანაცვლოდ კი თეირანს ბირთვული პროგრამის შემცირების მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაედგა.
თუმცა, რამდენიმე საათის შემდეგ, როდესაც კატარის წარმომადგენლები ჯერ კიდევ თეთრ სახლში იმყოფებოდნენ, ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ირანისთვის არაფერი შეუთავაზებია.
Axios-ის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ორშაბათს მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი წინსვლა არ ყოფილა.
„მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ირანელები ითხოვენ იმას, რაზეც აშშ ვერ დათანხმდება, ხოლო აშშ მიიჩნევს, რომ იმარჯვებს და, შესაბამისად, კომპრომისის აუცილებლობას ვერ ხედავს“, - განაცხადა წყარომ.
გამოცემის ცნობით, სხვა შუამავლებმა, მათ შორის პაკისტანმა და ეგვიპტემ, ირანს ბირთვულ საკითხებში დათმობებისკენ მოუწოდეს. თუმცა, ინფორმირებულმა წყარომ Axios-ს განუცხადა, რომ ირანელებმა განაცხადეს, რომ ამის შესაძლებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ აშშ ივნისში მიღწეულ ურთიერთგაგების მემორანდუმზე დაბრუნებას დათანხმდება.
ამასთან, ირანის უმაღლესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა მოჰსენ რეზაიმ სამშაბათს განაცხადა, რომ ირანმა აშშ-ს თავისი პირობები აცნობა, თუმცა, ირანული მედიის ცნობით, „ტრამპს გადაწყვეტილების მიღების უნარი არ შესწევს“.
„ტრამპი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როდესაც მას არც მოლაპარაკებების წარმოება შეუძლია და არც ბრძოლა“, - განაცხადა რეზაიმ.
ტრამპმა კი სამშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ირანის მდგომარეობა „ძალიან ცუდად არის“.
„არ ვიცი, უკვე მზად არიან თუ არა დანებებისთვის. ისინი დანებდებიან. ეს კეთდება იმისთვის, რომ შეწყდეს ბირთვული იარაღის შექმნა. ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება“, - განაცხადა ტრამპმა.