პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ქვეყანას „ძალიან რთული კვირები და თვეები“ ელოდება, რაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სულ უფრო აგრესიულ ქმედებებს უკავშირდება.
„წინ ძალიან რთული კვირები და თვეები გველოდება, რაც რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ სულ უფრო აგრესიულ პოზიციას უკავშირდება და, სამწუხაროდ, რუსეთის ეს აგრესიული ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ სულ უფრო უახლოვდება ჩვენს საზღვარს“, - განაცხადა ტუსკმა.
ამასთან, ტუსკმა აღნიშნა, რომ პოლონეთის მთავრობა და სპეცსამსახურები კონცენტრირებულნი არიან იმაზე, რომ საფრთხე პოლონეთის ტერიტორიაზე არ გავრცელდეს და „პოლონეთის მხარეს ცუდი არაფერი მოხდება“.
ტუსკმა ასევე ისაუბრა 28 სექტემბერს პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე, დოროჰუსკ-იაჰოდინის სასაზღვრო გადასასვლელის რაიონში მომხდარ ინციდენტზე, როდესაც რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან, უკრაინის ტერიტორიაზე, დარტყმა განახორციელა.
„ყოველ ღამეს ან დღე-ღამის განმავლობაში რამდენჯერმე გვიწევს ჩვენი ავიაციის ჰაერში აწევა, რადგან რუსეთის თავდასხმებმა პოლონეთის საზღვრის მახლობლად, კონკრეტულად კი სასაზღვრო გადასასვლელებსა და საზღვრის მიმდებარე ინფრასტრუქტურაზე, უკვე მუდმივი ხასიათი მიიღო“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, პოლონეთის შესაბამისი სამსახურები აღმოსავლეთ საზღვრის მიღმა არსებული ვითარების გამო გაძლიერებულ მზადყოფნაში იმყოფებიან.