ნორვეგია უკრაინაში რუსეთის მიერ დეპორტირებული ბავშვების მოძიებისა და დაბრუნებისთვის, ასევე სამხედრო ტყვეებისა და უკანონოდ დაკავებული სამოქალაქო პირების დასახმარებლად 25 მილიონ ნორვეგიულ კრონს (დაახლოებით 2.3 მილიონ ევროს) გამოყოფს. თანხა გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით გაიცემა. ინფორმაციას უკრაინული მედია ნორვეგიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნორვეგიის მთავრობის განცხადებით, დახმარება დაკარგული ადამიანების მოძიებას, უფრო მეტი ადამიანის შინ დაბრუნებას, ასევე ომით დაზარალებული პირების რეაბილიტაციასა და რეინტეგრაციას მოხმარდება.
აქედან 15 მილიონი კრონი UNICEF-ის პროგრამებს მოხმარდება, რომლებიც უკრაინაში დაბრუნებული დეპორტირებული ბავშვების რეინტეგრაციასა და დაკარგული ბავშვების მოძიებას ითვალისწინებს. ეს თანხა UNICEF-ის უკრაინის ჰუმანიტარულ პროგრამაში ნორვეგიის ახალი, უფრო დიდი - 132 მილიონი კრონის ოდენობის კონტრიბუციის ნაწილია.
კიდევ 10 მილიონი კრონი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცენტრალურ სააგენტოს გადაეცემა. სააგენტოს მიზანია ადამიანების გაუჩინარების თავიდან აცილება და იმ ოჯახების დახმარება, რომლებიც ახლობლების შესახებ ინფორმაციას ვერ იღებენ - მათ შორის, როდესაც მათი ოჯახის წევრები ტყვედ არიან აყვანილი, დაიღუპნენ ან ომის გამო საცხოვრებელი სახლები დატოვეს და ახლობლებთან კავშირი დაკარგეს.
ამასთან, ნორვეგია 28–29 სექტემბერს ტორონტოში გამართული კონფერენციის თანაორგანიზატორია, რომლის მიზანიც ამ პრობლემის მიმართ საერთაშორისო ყურადღების გაზრდაა.
„რუსეთის უკანონო აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები გამოიწვია. ჩვენ კვლავ უნდა გავამახვილოთ ყურადღება ამ საკითხზე და ვეცადოთ, დავეხმაროთ უკრაინელებს, რომლებიც ომის შედეგად დაზარალდნენ“, - განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპენ ბარტ ეიდემ.