აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესის მიერ 2025 წლის ბოლოს უკრაინისთვის დამტკიცებული $400 მილიონი სამხედრო დახმარებიდან თითქმის მთლიანი თანხის გამოყენების სამართლებრივი ვალდებულება აიღო. თუმცა, პაკეტში Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტები არ შევა.
როგორც Reuters ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, მიმდინარე კვირის დასაწყისისთვის გაფორმებული იყო კონტრაქტები $307 მილიონზე, ხოლო ადმინისტრაცია დარჩენილ $93 მილიონზეც ვალდებულებების აღებას ფინანსური წლის დასრულებამდე, 30 სექტემბრამდე, გეგმავს.
სააგენტოს ცნობით, თავდასხმითი შეიარაღებისა და აღჭურვილობის პირველი პარტიების, მათ შორის ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილების, მიწოდება უკრაინაში მიმდინარე თვეში დაიწყო. დანარჩენი შეიარაღებისა და აღჭურვილობის მიწოდება, წყაროების ინფორმაციით, 2029 წლის ოქტომბრამდე უნდა განხორციელდეს. Rტრამპის საპრეზიდენტო ვადა 2029 წლის იანვარში იწურება.
ამასთან, დარჩენილი $93 მილიონი უშუალოდ 30 სექტემბრამდე არ არის აუცილებელი დაიხარჯოს. თუმცა, თუ ამ დროისთვის თანხაზე შესაბამისი კონტრაქტები ოფიციალურად არ გაფორმდება, ის ძალას დაკარგავს.
Reuters-ის ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, სამხედრო დახმარების პაკეტში Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტები არ შედის, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უკრაინის ქალაქებზე დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით სისტემატურად განაგრძობს იერიშებს.
სააგენტოს ცნობით, აშშ-ის ირანთან ომმა და უკრაინის ომმა Patriot-ის რაკეტების გლობალური მარაგები მნიშვნელოვნად შეამცირა. კიევი აშშ-სა და მოკავშირეებს არაერთხელ მოუწოდებდა, უკრაინისთვის Patriot-ის მეტი რაკეტა მიეწოდებინათ.