თეთრი სახლი ადასტურებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს ხელს მოაწერს, რომელიც კონგრესის ორივე პალატამ დაამტკიცა. კანონპროექტის ერთ-ერთი თანაავტორი გარდაცვლილი ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი იყო.
როგორც The Wall Street Journal წერს, თეთრი სახლი ზეწოლას ახდენდა წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელებზე, რათა მათ კანონპროექტის მიღებისთვის მხარი დაეჭირათ.
წარმატებული კენჭისყრის შემდეგ კანონპროექტის მთავარო მხარდამჭერები მის მიღებას მიესალმნენ.
„უკრაინელო ხალხო, თქვენ მარტო არ ხართ“, - განაცხადა სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალმა, რომელიც კანონპროექტის თანაავტორია.
კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინისადმი მიმართვისას მან დაამატა: „თქვენი ეკონომიკა ირყევა. ჩვენ ვაპირებთ, თქვენი სამხედრო მანქანა გავანადგუროთ“.
შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გუშინ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტი“ მიიღო.
კანონპროექტის მიხედვით, ტრამპს უფლება ექნება, 100%-მდე ტარიფები დაუწესოს იმ ქვეყნების იმპორტს, რომლებიც რუსულ ენერგორესურსებს ყიდულობენ ან რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.
დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს სანქციების დაწესებას რუსეთის მაღალჩინოსნების, ბანკებისა და ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ. ამასთან, კანონპროექტი ირანის წინააღმდეგ მოქმედ სანქციებსაც ახანგრძლივებს.
კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ხელმოსაწერად გადაეგზავნება.