აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი კანადას „ასოცირებული წევრის“ სტატუსს მიანიჭებს და ეს ნაბიჯი აშშ-ის მიმართ მტრულ აქტად ჩაითვლება, ვაშინგტონმა შესაძლოა ევროპას მაღალი ტარიფები დაუწესოს ან გარკვეულ სფეროებში მასთან ვაჭრობა შეწყვიტოს.
„თუ ამას გააკეთებენ და მე ამას მტრულ აქტად მივიჩნევ, ძალიან მძიმე ტარიფებს დავაწესებ ან ევროპასთან ბევრ რამეზე ვაჭრობას შევწყვეტ“, - განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ტრამპმა კანადის ევროკავშირის „ასოცირებული წევრობის“ იდეას „სასაცილო“ უწოდა და კანადა „საშინელ სავაჭრო პარტნიორად“ მოიხსენია.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 16 სექტემბერს განაცხადა, რომ ევროკავშირი კანადას ბლოკის პირველ „ასოცირებულ წევრად“ განიხილავს. მისი თქმით, გაძლიერებული პარტნიორობა მოიცავს ვაჭრობას, თავდაცვას, ენერგეტიკას, ტექნოლოგიებს, კრიტიკულ მინერალებსა და სხვა სტრატეგიულ სფეროებს.
ევროკავშირსა და კანადას უკვე აკავშირებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება CETA, თუმცა ახალი ინიციატივა ურთიერთობების უფრო ფართო ფორმატში გადაყვანას ითვალისწინებს.