გერმანია უკრაინას სასწრაფოდ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილ PAC-2-ის რაკეტა-ჩამჭრელებს ბუნდესვერის მარაგებიდან გადასცემს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსიმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის „რამშტაინის“ ფორმატში გამართულ ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა.
„უკრაინის ზამთრისთვის მომზადება უმაღლესი პრიორიტეტია და ჩვენგან გადამწყვეტ და დაუყოვნებლივ მოქმედებას მოითხოვს. ამიტომ გადავწყვიტე, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, უკრაინას ბუნდესვერის მარაგებიდან სასწრაფოდ მივაწოდოთ მისთვის აუცილებელი PAC-2-ის რაკეტა-ჩამჭრელები“, - განაცხადა პისტორიუსმა.
პისტორიუსს PAC-2-ის რაკეტების რაოდენობა არ დაუსახელებია.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა საკონტაქტო ჯგუფის სხვა მონაწილეებსაც მოუწოდა, გადახედონ საკუთარ მარაგებს და უკრაინას ანალოგიური დახმარება გაუწიონ.
PAC-2-ის რაკეტები ძირითადად აეროდინამიკური სამიზნეების, მათ შორის თვითმფრინავებისა და ფრთოსანი რაკეტების, წინააღმდეგ გამოიყენება. მათი მოქმედების მაქსიმალური მანძილი დაახლოებით 160 კილომეტრია.