ირანმა აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა იორდანიასა და ერაყში, რასაც რეგიონში ვითარების მკვეთრი გამწვავება მოჰყვა. ამის შესახებ საერთაშორისო მედია იუწყება.
იორდანიის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ირანიდან გაშვებული 13 ბალისტიკური რაკეტა ქვეყნის საჰაერო სივრცეში შევიდა. მათგან 10 რაკეტა იორდანიის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს, სამი კი დასახლებებისგან მოშორებულ ტერიტორიებზე ჩამოვარდა. იორდანიის მხარის ცნობით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ამასთან, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ერაყის ჩრდილოეთში, ერბილში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებზე კომბინირებული სარაკეტო და დრონებით იერიში განახორციელა. ირანული მხარე ამტკიცებს, რომ თავდასხმას ამერიკელი სამხედროების დაღუპვა მოჰყვა, თუმცა აშშ-სა და ერაყს ეს ინფორმაცია ამ დროისთვის არ დაუდასტურებიათ.
ირანის იერიშები აშშ-ის მიერ ირანის ტერიტორიაზე ახალი დარტყმების განხორციელებას მოჰყვა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ამერიკულმა ძალებმა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ობიექტებზე, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, რადარებზე, საზღვაო ინფრასტრუქტურასა და ნაღმების განთავსების შესაძლებლობებზე, იერიში მიიტანეს.