უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-მა უკრაინას 25, 26 და 27 აგვისტოს მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმების შეჩერება სთხოვა.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ პარტნიორების თხოვნა გაითვალისწინა და აღნიშნულ პერიოდში რუსეთის ამ ქალაქებზე დარტყმები არ განუხორციელებია.
„როდესაც ამერიკელებმა მოგვმართეს თხოვნით, 25, 26 და 27 აგვისტოს მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმები შეგვეჩერებინა, ჩვენ ეს პაუზა ავიღეთ. დარტყმები არ ყოფილა, დარტყმები იყო უკრაინაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თუ სხვა სახელმწიფოებიც მიმართავენ კიევს კონკრეტულ პერიოდში ან კონკრეტული მიმართულებით დარტყმების შეჩერების თხოვნით, უკრაინა ამასაც გაითვალისწინებს.
„ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ მშვიდობისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს და იმას, რომ რუსეთმა ეს ომი უსასრულოდ არ გააგრძელოს. ომს დასასრული სჭირდება და ლიდერები პუტინს ამის შესახებ სწორად ეუბნებიან. დიპლომატიისა და მოლაპარაკებების გამო, როდესაც პარტნიორები ამის შესახებ მოგვმართავენ, ჩვენ გარკვეული დროით და გარკვეული მიმართულებებით რუსეთის ცას დრონებისგან გავწმენდთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.