უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე მთლიანად სახიფათო ხდება და ამის შესახებ გააფრთხილა ყველა ავიაკომპანია, რომელიც რუსეთის საჰაერო სივრცეს იყენებს.
ზელენსკის თქმით, უკრაინა სამოქალაქო ავიაციისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და არც ერთი სამოქალაქო თვითმფრინავის დაზიანება არ სურს. თუმცა, მისი განცხადებით, რუსეთის ცაზე დრონები გადაადგილდებიან და ავიაკომპანიებმა ეს რისკი უნდა გაითვალისწინონ.
„დღეს გვსურს გავაფრთხილოთ ყველა ავიაკომპანია, რომელიც რუსეთის საჰაერო სივრცეს იყენებს, ყველა სადაზღვევო კომპანია და ყველა, ვინც ჯერ კიდევ სარგებლობს რუსეთის მთავარი აეროპორტებით: რუსეთის ცა მთლიანად სახიფათო ხდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, რუსეთის ხელისუფლება ამის შესახებ სათანადოდ არ იუწყება, თუმცა „ფაქტობრივად, რუსეთის საჰაერო სივრცე დაიკეტება - რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი მის ცას კეტავს“.
"უკრაინა საფრთხეს არ წარმოადგენს სამოქალაქო ავიაციისთვის, როგორც ასეთი - არც ერთი სამოქალაქო თვითმფრინავისთვის. უბრალოდ, რუსეთის ცაში დრონები იქნება, და ამის გათვალისწინება საჭიროა. იმისდა მიუხედავად, რომ რუსული ხელისუფლება ამის შესახებ სათანადოდ არ იუწყება, მაგრამ რუსული ცა დე ფაქტო დაიხურება: ომი, რომელიც რუსეთმა გააჩაღა, მის ცას კეტავს,” - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინას უდანაშაულო ადამიანების დაღუპვა არ სურს, ამიტომ პარტნიორებს რუსეთის საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ წინასწარ აფრთხილებს.
„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი უწყებები საერთაშორისო ორგანიზაციებს სრულ ინფორმაციას მიაწვდიან რუსეთის საჰაერო სივრცეში არსებულ საფრთხეებზე. სამოქალაქო ავიაციის ადგილი დრონებს შორის არ არის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.