აშშ-ის არმიის მდივანმა, დენ დრისკოლმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა. გადაწყვეტილება თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე მიიღო.
ამის შესახებ The Wall Street Journal იუწყება.
დრისკოლი თანამდებობას უახლოეს დღეებში დატოვებს. თანამდებობას დატოვებს მისი მოადგილე დეივ ფიცჯერალდიც. შედეგად, აშშ-ის არმიაში სენატის მიერ დამტკიცებული არც ერთი სამოქალაქო ან სამხედრო ხელმძღვანელი აღარ დარჩება.
როგორც The Wall Street Journal წერს, დრისკოლსა და ჰეგსეთს შორის უთანხმოება შეიარაღებული ძალების განვითარებასა და საკადრო გადაწყვეტილებებს, მათ შორის რამდენიმე მაღალი რანგის ოფიცრის გათავისუფლებას, ეხებოდა.
აშშ-ის არმიის შტაბის უფროსის მოვალეობას გარკვეული პერიოდია გენერალი კრისტოფერ ლა ნევი ასრულებს მას შემდეგ, რაც ჰეგსეთმა მისი წინამორბედი, გენერალი რენდი ჯორჯი, თანამდებობიდან გაათავისუფლა.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა ანა კელიმ დრისკოლს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა არმიის საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებაში.
გამოცემა აღნიშნავს, რომ გასულ კვირას დრისკოლი ფორტ-ბრეგში გენერალ კრის დონაჰიუს გაცილების ცერემონიას დაესწრო. დონაჰიუ ევროპაში ამერიკულ ჯარებს ხელმძღვანელობდა, თუმცა ჰეგსეთმა ის თანამდებობიდან დააქვეითა, რითაც, ფაქტობრივად, გენერლის სამხედრო კარიერას წერტილი დაუსვა.