უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 31 აგვისტოს სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან - სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან.
„კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან - სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან. საუბარი დეტალური და კონსტრუქციული იყო. მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ისა და უკრაინის მოლაპარაკებების გუნდებს შორის დიალოგი მუდმივად გრძელდება და ახლა უკრაინაში მათი ვიზიტის თარიღების გაბსაზღვრაზე ვმსჯლობთ. ასეთი ვიზიტი მშვიდობისთვის გადაწყვეტილებების შემუშავების თვალსაზრისით ძალიან სასარგებლო იქნებოდა.
მათ ასევე მივაწოდე ინფორმაცია ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ, სადაც რუსეთის წინსვლა უმნიშვნელოა და უზარმაზარი დანაკარგების ფასად აღწევს, ასევე განხორციელებული დარტყმების შესახებ. სტივმა და ჯარედმა ბევრი დეტალი იციან. ჩვენი გუნდები მჭიდრო კონტაქტზე დარჩებიან, რათა შეხვედრის დღის წესრიგი და შემდგომი კომუნიკაციისთვის ყველაზე შესაფერისი გრაფიკი შეიმუშაონ.
მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს, სტივსა და ჯარედს, ასევე ყველას შეერთებულ შტატებში, ვინც მუშაობს იმისთვის, რომ მშვიდობა ჩვენი ერთობლივი მიღწევა გახდეს,“ - წერს ზელენსკი.