შიდა ქართლის პოლიციამ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ქალაქ გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მძიმე დაზიანება მიაყენა ერთ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარის შესახებ კი იცოდა მეორე ბრალდებულმა, თუმცა მას პოლიციისთვის აღნიშნულის შესახებ არ შეუტყობინებია.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ქალაქ გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მძიმე დაზიანება მიაყენა ნაცნობს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ინფორმაციას ფლობდა ერთი პირი, თუმცა მან მომხდართან დაკავშირებით პოლიციას არ შეატყობინა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე, 236-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.