უკრაინის თავდაცვის ძალებმა 30 აგვისტოს ღამით რუსეთის ლენინგრადის ოლქში მდებარე კირიშის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და კრასნოდარის მხარეში, ქალაქ ეისკში სამხედრო აეროდრომზე დარტყმები განახორციელეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განაცხადეს.
კირიშის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმის შემდეგ საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. უკრაინის სპეცოპერაციების ძალების ინფორმაციით, ოპერაციაში მათთან ერთად უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, უპილოტო სისტემების ძალები და სამხედრო დაზვერვა მონაწილეობდნენ.
გენშტაბის ცნობით, „კირიშინეფტეორგსინტეზი“ (KINЕF) რუსეთის სიდიდით მეორე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა და ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში ყველაზე დიდია. საწარმოს წლიური სიმძლავრე დაახლოებით 20 მილიონი ტონა ნავთობია. ქარხანა საავტომობილო, საავიაციო და დიზელის საწვავს, ასევე სხვა ნავთობპროდუქტებს აწარმოებს და, უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალების მომარაგებაშიც არის ჩართული.
ასევე, გენშტაბის ცნობით, როსტოვის ოლქის მილეროვოში უკრაინულმა ძალებმა დრონების შენახვის, მომზადებისა და გაშვების ობიექტი დააზიანეს, სადაც ასევე ხანძარი გაჩნდა. ეისკის აეროდრომზე დარტყმის შემდეგაც ხანძარი დაფიქსირდა. მიყენებული ზარალის მასშტაბი ჯერ ზუსტდება.