კიევის ოლქში ბუჩის რაიონში რუსეთის იერიშისა და შემდგომი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 27-ს მიაღწია, კიდევ 42 ადამიანი დაშავდა.
კიევის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს განცხადებით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა საბოლოო არ იყოს.
დაღუპულებს შორისაა დმიტროვის თემის ხელმძღვანელი ტარას დიდიჩი, რომელიც შემთხვევის ადგილზე ერთ-ერთი პირველი მივიდა.
სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება 42 ადამიანმა მიიღო, მათ შორის ოთხმა ბავშვმა. შვიდი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საგანგებო შემთხვევის ზონიდან 381 ადამიანის, მათ შორის 59 ბავშვის, ევაკუაცია განხორციელდა.
ადგილზე კვლავ მიმდინარეობს სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები, ნანგრევების გაწმენდა და ადამიანების ძებნა.
წინასწარი მონაცემებით, დაზიანებულია დაახლოებით 50 საცხოვრებელი სახლი.
28 აგვისტოს დაახლოებით 20:10-ზე, ბუჩის რაიონის სოფელ მილაში, რუსეთის დრონი ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე დაეცა.
ამის შემდეგ საწარმოს ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა და დაიწყო დეტონაცია.
უკრაინის გენერალური პროკურატურა იძიებს, რა მასალები და ნივთიერებები ინახებოდა საწარმოს ტერიტორიაზე, მათ შორის იყო თუ არა იქ კანონიერად განთავსებული ფეთქებადი ნივთიერება და მასალები, არსებობდა თუ არა შესაბამისი ნებართვები და ვინ მიიღო ამასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები.