უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის, პავლო პალისას განცხადებით, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მიიღო დავალება, დაგეგმოს და მოამზადოს კიევისა და ჩერნიჰივის მიმართულებით შესაძლო ოპერაციის რამდენიმე ვარიანტი.
მისი თქმით, უკრაინამ შესაბამისი ინფორმაცია სადაზვერვო სამსახურებისგან მიიღო და ის რამდენიმე წყაროს მეშვეობით გადაამოწმა.
„ჩვენ ნამდვილად მივიღეთ სადაზვერვო სამსახურებისგან ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე წყაროს მეშვეობით იყო გადამოწმებული, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ხელმძღვანელობამ პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მიიღო დავალება, რამდენიმე ვარიანტად დაგეგმოს მსგავსი ოპერაციის განხორციელება კიევისა და ჩერნიჰივის მიმართულებით“, - განაცხადა პალისამ.
ამასთან, პალისამ ხაზი გაუსვა განსხვავებას ოპერაციის დაგეგმვასა და უშუალოდ შეტევისთვის მზადებას შორის. მისი თქმით, ამ ეტაპზე უკრაინა ამ მიმართულებებზე რუსეთის შეტევითი დაჯგუფების ფორმირებას ვერ აფიქსირებს.
პალისას განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა უკვე შეიმუშავა შესაძლო რეაგირების, თავდაცვისა და ასეთი გეგმების წინააღმდეგ მოქმედების ვარიანტები.