მსოფლიოში უმსხვილესმა საკონტეინერო გადამზიდავმა კომპანია MSC Mediterranean Shipping Co.-მ (MSC) რუსეთის ნოვოროსიისკის პორტში ახალი გადაზიდვების ჯავშნების მიღება შეაჩერა.
ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ცოტა ხნის წინ ნოვოროსიისკისკენ მიმავალ გემს MSC ULSAN III-ს თავს დაესხნენ. ამის შესახებ MSC-ის კლიენტებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაშია ნათქვამი.
MSC-ის განცხადებით, კომპანია ვითარებას ყურადღებით აკვირდება და მომხმარებლებს ურჩევს, რუსეთში მის წარმომადგენლობას მიმართონ, რათა იმპორტისა და ექსპორტისთვის შესაძლო ლოგისტიკური ალტერნატივები მოიძიონ. რეგულარული, ყოველკვირეული რეისები შავი ზღვის პორტიდან მანამდე არ განახლდება, სანამ შესაბამისი პირობები არ იქნება.
MSC-მა, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო საკონტეინერო გადამზიდავებმა, რუსეთში საქმიანობა 2022 წლიდან შეზღუდა, მას შემდეგ, რაც კრემლმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საერთაშორისო გადამზიდავების რუსეთში დარჩენილ მარშრუტებზე, როგორც წესი, ისეთი ტვირთები გადააქვთ, როგორიცაა საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი და მედიკამენტები.
MSC რუსეთში სხვა პორტებში, მათ შორის სანქტ-პეტერბურგში, საქმიანობას აგრძელებს. კომპანიის სანქტ-პეტერბურგის ოფისის თანამშრომელმა Bloomberg-ს დაუდასტურა, რომ ნოვოროსიისკში ოპერაციები ამჟამად შეჩერებულია.