ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი კიევში ფინეთის თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა. ფინურმა კომპანიებმა უკრაინელ პარტნიორებთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს ხელი მოაწერეს.
ამის შესახებ სტუბმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
ფინეთის პრეზიდენტი, რომელიც კვირას დილით კიევში ჩავიდა, აცხადებს, რომ მასთან ერთად უკრაინის დედაქალაქში ფინური შეიარაღების მწარმოებელი კომპანიების - Insta-ს, Boomeranger-ისა და Patria-ს წარმომადგენლებიც იმყოფებიან.
სტუბის თქმით, ამ კომპანიებმა უკრაინელ პარტნიორებთან თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტებს ხელი მოაწერეს.
„ზემოხსენებული სამი კომპანიის გარდა, ფინეთიდან მონაწილეობენ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი წამყვანი კომპანიებიც: Nokia, ICEYE, Sensofusion და NestAI. მადლობას ვუხდი ჩვენს კომპანიებს იმისთვის, რომ წინსვლის გზას აჩვენებენ და სიმამაცისთვის. ამ თანამშრომლობით როგორც ფინეთი, ისე უკრაინა ისარგებლებს“, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.
კომპანია Patria-მ განაცხადა, რომ უკრაინული დრონების მწარმოებელ Center of Unmanned Technologies LLC-სთან, რომელიც ასევე General Cherry-ს სახელითაა ცნობილი, განზრახვების შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი. თანამშრომლობის ფარგლებში Patria ფინეთში დრონების წარმოების დაწყებას გეგმავს.