რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არჩევნების საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, მაქსიმ რაიდერმა განაცხადა, რომ მოსკოვმა ყველა ქვეყნის დიპლომატიურ უწყებას ნოტა გაუგზავნა და მათ რუსეთის საელჩოებთან სახელმწიფო დუმის არჩევნების დღეებში დემონსტრაციების აკრძალვა სთხოვა.
ამის შესახებ რუსული გამოცემა „მედუზა“ იუწყება.
„მოსკოვი უცხოეთის საგარეო უწყებებს სთხოვს მიიღონ ადეკვატური ზომები საარჩევნო უბნების დასაცავად, მათ შორის, არჩევნების დღეს დემონსტრაციების აკრძალვის მიზნით“, - თქვა რაიდერმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად როგორ შეიძლება საჯარო აქციებმა კენჭისყრის უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნას.
რაიდერმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი უცხოელი პარტნიორებისგან საერთაშორისო ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებას ელოდება, თუმცა თავად რუსეთის ხელისუფლებაც „ხელდაკრეფილი არ იჯდება“.
სახელმწიფო სათათბიროს IX მოწვევის დეპუტატების არჩევნები სამ დღეს -18-დან 20 სექტემბრამდე ჩატარდება.