გერმანიამ უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით 50 მილიონი ევრო გამოყო. ეს თანხა საცხოვრებელი სახლების აღდგენას, მობილური სანიტარული კვანძებისა და გათბობის მოწყობილობების უზრუნველყოფას მოხმარდება.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა კიევში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიჰასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„გერმანია ამჟამად დამატებით 50 მილიონ ევროს გამოყოფს ჰუმანიტარული დახმარებისთვის“, - აღნიშნა ვადეფულმა და დასძინა, რომ ეს დახმარება მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთი კვლავ განაგრძობს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ზამთარი კვლავ იარაღად გამოიყენოს.
გარდა ამისა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ნატო-ს უკრაინის ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის ფონდში დამატებით 10 მილიონი ევრო გამოიყოფა. პროგრამის ფარგლებში გერმანია, სხვა მიმართულებებთან ერთად, მხარს უჭერს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დეცენტრალიზებული სწავლების ორგანიზებას, სამხედრო ჰოსპიტლებისთვის აუცილებელი სამედიცინო მასალების მიწოდებას და დრონებთან ბრძოლისათვის საჭირო აღჭურვილობის დაფინანსებას.
„გერმანიის ინიციატივით, ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ უკრაინისთვის წელს 70 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება, ხოლო მომავალ წელს - სულ მცირე, ამდენივე თანხას დაჰპირდნენ. შესაბამისად, ჯამში ეს არანაკლებ 140 მილიარდ ევროს შეადგენს“, - აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან, როგორც ვადეფულმა განაცხადა, გერმანიაში აცნობიერებენ, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საჰაერო თავდაცვას.
„გერმანიამ უკვე ივნისში განაცხადა, რომ ნატო-ს PURL-ის მექანიზმისა და JUMPSTART-ის შეთანხმების მხარდასაჭერად კვლავ გამოყოფს 200-200 მილიონ აშშ დოლარს. ამ მექანიზმებისა და შეთანხმების ფარგლებში, პარტნიორებთან ერთად ვაფინანსებთ აშშ-დან უკრაინისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას“, - განაცხადა ვადეფულმა.