ალასკის დასავლეთ ნაწილში, შორეულ სარადარო ობიექტთან, ჩარტერული თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა, განაცხადეს აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო და სამხედრო უწყებებმა. ინფირმაციას CNN ავრცელებს.
ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის წინასწარი ინფორმაციით, Cessna 441 ანკორიჯიდან გაფრინდა და 725 კმ-ის დაშორებით მდებარე კეიპ-ნიუენჰემისკენ მიემართებოდა. თვითმფრინავი დანიშნულების ადგილთან ახლოს ჩამოვარდა.
ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს ალასკის რეგიონის ხელმძღვანელის, კლინტ ჯონსონის განცხადებით, ბორტზე ორი პილოტი და ექვსი მგზავრი იმყოფებოდა. თვითმფრინავს ჩარტერული კომპანია Security Aviation მართავდა.
ალასკის სარდლობის ინფორმაციით, თვითმფრინავი სამოქალაქო კონტრაქტით შესრულებულ რეისს ახორციელებდა და რვა ადამიანი გადაჰყავდა. სამძებრო-სამაშველო ჯგუფებმა მოგვიანებით დაადასტურეს, რომ გადარჩენილი არავინ არის.
შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ინციდენტს ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია და ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო იძიებენ.