ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტისა და მისი უფროსი ადვოკატის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, მთლიანობასა და მიუკერძოებლობაზე „აშკარა თავდასხმა“ უწოდა.
ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.
ესპანეთის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ სასამართლო შეუცვლელ როლს ასრულებს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ ყველაზე მძიმე დანაშაულებზე პასუხისმგებლობის უზრუნველყოფაში.
„ის სისხლის სამართლის საერთაშორისო მართლმსაჯულების სისტემის ქვაკუთხედია. ესპანეთი კვლავ ადასტურებს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მტკიცე და ცალსახა მხარდაჭერას და სრულ სოლიდარობას უცხადებს სასამართლოს მოსამართლეებს, პროკურორებსა და ყველა თანამშრომელს, რომლებზეც სანქციები ვრცელდება“, - განაცხადეს ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ ესპანეთი მომავალშიც სრულად შეასრულებს რომის სტატუტითა და საერთაშორისო სამართლით ნაკისრ ვალდებულებებს და პატივს სცემს და უზრუნველყოფს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის სრულად განხორციელებას.
როგორც ცნობილია, აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პრეზიდენტისა და მაღალი რანგის იურისტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, სანქციები დაუწესდა ICC-ს პრეზიდენტს, იაპონელ ტომოკო აკანეს და სასამართლოს უფროს იურისტს, სენეგალელ აბდულაიე სეიეს. რუბიოს თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალური პირები უშუალოდ მონაწილეობდნენ მცდელობებში, გამოეძიებინათ, დაეპატიმრებინათ, დაეკავებინათ ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცათ იმ ქვეყნების ოფიციალური პირები, რომელთა მთავრობებსაც ICC-ს იურისდიქციაზე თანხმობა არ განუცხადებიათ.