18 აგვისტოს კალინინგრადის ოლქის სიახლოვეს ნატო-ს სამხედრო ავიაციის უჩვეულო აქტივობა დაფიქსირდა. ამის შესახებ The Moscow Times-ი Welt-ზე დაყრდნობით წერს.
ჰაერში ერთდროულად იმყოფებოდნენ შორი რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის თვითმფრინავი E-3 AWACS, აშშ-ის უახლესი რადიოელექტრონული ბრძოლის თვითმფრინავი EA-37B Compass Call II და სადაზვერვო თვითმფრინავი ARTEMIS II.
ნატო-ს წარმომადგენლის განცხადებით, ალიანსმა ოპერაცია ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობდნენ აშშ-ისა და ნორვეგიის გამანადგურებლები, პოლონეთის სახმელეთო ქვედანაყოფები, E-3 AWACS და სხვა ძალები. მისივე თქმით, ოპერაციას აშშ ხელმძღვანელობდა.
OSINTdefender-ის ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ E-3 AWACS-ისა და ARTEMIS II-ის ფრენები ამ რეგიონში თავისთავად უჩვეულო არ არის. თუმცა მათ გვერდით უახლესი EA-37B-ის გამოჩენა შესაძლოა მიუთითებდეს, რომ აშშ-სა და ნატო-ს კალინინგრადის რაიონში განსაკუთრებული სადაზვერვო ან რადიოელექტრონული ბრძოლის საჭიროება გაუჩნდათ.
„ვიმედოვნებთ, რომ რუსეთმა ეს გზავნილი გაიგო“, - განაცხადა ბუნდესვერის უნივერსიტეტის სამხედრო ექსპერტმა კარლო მასალამ.
კალინინგრადის ოლქი რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მილიტარიზებულ რეგიონად მიიჩნევა. ანკლავში განთავსებულია საჰაერო თავდაცვის სისტემები, სარაკეტო კომპლექსები და სხვა სამხედრო ინფრასტრუქტურა, რომელსაც შეუძლია საფრთხე შეუქმნას პოლონეთს, ბალტიის ქვეყნებსა და ნატო-ს საკომუნიკაციო ხაზებს. ამის გამო ალიანსი რეგიონს რუსეთის სამხედრო პოტენციალის მნიშვნელოვან ელემენტად განიხილავს აღმოსავლეთ ფლანგზე.
ნატო-ს ავიაციის უჩვეულო აქტივობა მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც აშშ-ის დაზვერვამ გააფრთხილა, რომ არსებობს რუსეთის მიერ ალიანსის რომელიმე წევრ ქვეყანაზე თავდასხმის რისკი, რათა მოსკოვმა ნატო-ს მოკავშირეების დაცვის მზაობა გამოსცადოს. გარდა ამისა, ორი კვირის წინ ლიეტუვის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კრემლი შესაძლოა განიხილავდეს ბალტიის ქვეყნების კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას უკრაინის მიერ გამოყენებული და რუსეთის ხელში ჩაგდებული დრონებით, რათა დარტყმაში საკუთარი მონაწილეობა დამალოს.