პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება და გამორიცხავს, რომ მას წერილი მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა.
"ქართული ოცნების" წევრის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის წერილები ბადებს ეჭვს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვინმემ ან შეცდომაში შეიყვანა, ან "აბსოლუტურად რეალობის შეგრძნება დაკარგა".
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შინაარსი არის უბადრუკი, უაზრო და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული
"თავიდან ითქვა, რომ წერილი ადვოკატმა შეუგზავნა. ადვოკატი ამბობს, რომ წერილი მას არ შეუტანია. ახლა მამუკა მდინარაძეს მიადგნენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ბრალდება მოხსნა. გამორიცხულია, რომ მამუკა მდინარაძემ რაღაცა წერილი აბსოლუტურად აბსურდული მოთხოვნებით გაუგზავნა. გამორიცხულია - ასეთი რამ არ არსებობს არც სამართლებრივად, არც ლოგიკურად, არც პოლიტიკურად, რათა ირაკლი ღარიბაშვილმა ხუთ წელიწადში პოლიტიკაში მოსვლაზე პრეტენზია არ განაცხადოს. წარმოუდგენელი რამეა შეთავაზება იმისა, რომ რაღაც გარანტია რომ გვქონდეს, საკუთარ თავზე რაღაც დანაშაული აიღე, რომელიც არ ჩაგიდენია, ჩვენ სპექტაკლს დავდგამთ და ეს ყველაფერი მამუკა მდინარაძემ დაწერა და ირაკლი ღარიბაშვილს გაუგზავნა. ასეთი გარიგებები არ არსებობს. განსაკუთრებით რასაც განვიცდი არის, რომ იგი დაშვებას აკეთებს, რომ მის ოჯახს, მის ცოლ-შვილს შეიძლება რაიმე დაემუქროს. ეს არის პირდაპირ მცდელობა დისკრედიტაციისა ხელისუფლების,“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.