უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრ მაქსიმ პრევოსთან შეხვედრისას „ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის პრაქტიკულად ყველა მიმართულება“ განიხილა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ზე განაცხადა.
პრევოსთან შეხვედრის კომენტირებისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ბელგიამ უკრაინას მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია საბრძოლო ავიაციის გაძლიერებაში და „ჩვენ ვაფასებთ მზადყოფნას, გააგრძელოს მხარდაჭერა“.
„ბელგიის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა, ევროპულ საქმეთა და განვითარების თანამშრომლობის მინისტრ მაქსიმ პრევოსთან პრაქტიკულად ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ყველა მიმართულება განვიხილეთ.
ბელგიამ თავის დროზე მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწია ჩვენი საბრძოლო ავიაციის გაძლიერებაში და ვაფასებთ მის მზადყოფნას, გააგრძელოს ჩვენი მხარდაჭერა.
იმედი მაქვს, შევძლებთ იმ საკითხების განხორციელებას, რომლებზეც ვისაუბრეთ, და რუსეთის დარტყმებისგან დაცვა კიდევ უფრო გაძლიერდება. უკრაინა ასევე მზად არის, გაუზიაროს თავისი გამოცდილება და ცოდნა და მხარი დაუჭიროს პარტნიორებს, რომლებიც ომის დაწყებიდან ჩვენ გვერდით დგანან.
ამჟამად ჩვენი გუნდები Drone Deal-ის ["დრონების შეთანხმება"] ტექსტზე მუშაობენ და მისი ხელმოწერის შესაძლო თარიღებიც განვიხილეთ.
მადლობას ვუხდი ბელგიის მთავრობასა და ხალხს წელს უკვე გამოყოფილი 1,1 მილიარდ ევროზე მეტი დახმარებისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების გზის მხარდაჭერისთვის და უკრაინის მიმართ სრული სოლიდარობისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისათვის, კიევში ვიზიტისას პრევომ გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ ყველა შესაძლო რისკი ევროკავშირის ქვეყნებმა ერთობლივად უნდა გაინაწილონ.