რუსეთმა დიდი ბრიტანეთი „დაძაბულობის განზრახ გამწვავებაში“ დაადანაშაულა, მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმებისას, სავარაუდოდ, ბრიტანული წარმოების დრონები გამოიყენეს.
ამის შესახებ უკრაინული მედია დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
„ლონდონის ქმედებებს გარდაუვლად მოჰყვება შედეგები, რომლებზეც მას პასუხისგება მოუწევს. რაც უფრო ღრმად ჩაერთვება ის კონფლიქტში და რაც უფრო მეტად დაუჭერს მხარს კიევის ტერორისტულ მანქანას, მით უფრო მაღალი ფასის გადახდა მოუწევს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა BBC-სთან კომენტარში განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის გვერდით დგას.
„რუსეთს არ უნდა ჰქონდეს არანაირი ეჭვი ამ მთავრობის გადაწყვეტილებაში, წინ აღუდგეს რუსეთის აგრესიასმ როგორც უკრაინაში, ისე დიდი ბრიტანეთისა და ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ“, - განაცხადა მან.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, დიდი ბრიტანეთი „ვალდებულია, უკრაინას მიაწოდოს აღჭურვილობა, რომელიც პუტინის უკანონო შეჭრისგან თავდაცვისთვის არის საჭირო“.