ბრიტანეთის საზღვაო ვაჭრობის ოპერაციების ცენტრის (UKMTO) განაცხადებით, სამშაბათს მიიღო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჰორმუზის სრუტეში გემს „უცნობი ჭურვი“ მოხვდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
UKMTO-ს ცნობით, ინციდენტის დროს გემი სტრატეგიული მნიშვნელობის საზღვაო მარშრუტზე „გასვლის პროცესში იმყოფებოდა“.
„დარტყმამ დააზიანა სამანქანო განყოფილება და ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა. ეკიპაჟის დანარჩენ წევრებს ამჟამად ომანის სანაპირო დაცვის თანამშრომლები ეხმარებიან“, - განაცხადა უწყებამ.
დაღუპულის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ინციდენტი სრუტეში საზღვაო მოძრაობის შემცირების ფონზე მოხდა. MarineTraffic-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში სრუტეში სულ მცირე სამმა კომერციულმა გემმა გაიარა.