მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მიიჩნევს, რომ ზოგიერთი დრონი ქვეყნის საჰაერო სივრცეში შემთხვევით ხვდება, ზოგი კი მიზანმიმართულად არის გაშვებული.
„მე ვფიქრობ, რომ ზოგიერთი [დრონი] იქ შემთხვევით ხვდება, ზოგი კი იმიტომ, რომ მათ უშვებენ და არა მხოლოდ ჩვენს საჰაერო სივრცეში, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეშიც. მსგავსი შემთხვევები რუმინეთსა და პოლონეთშიც ვნახეთ. ამ დრონების ფრენის ტრაექტორიიდან შეიძლება იმის დადგენა, რომელი მათგანია განზრახ გაგზავნილი და რომელი შემთხვევით აღმოჩნდა იქ“, - განაცხადა სანდუმ.
სანდუმ აღნიშნა, რომ ორივე შემთხვევაში დრონები არღვევენ საჰაერო სივრცეს და ადამიანებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. მისი თქმით, ამ ინციდენტებზე პასუხისმგებელი ერთადერთი მხარე რუსეთია, რომელმაც ომი დაიწყო.
ამასთან, მოლდოვის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კიშინიოვში რუსეთის ელჩის, ოლეგ ოზეროვის შესაძლო გაძევება დრონების უკანონო ფრენებს ვერ შეაჩერებს. მისი თქმით, კიშინიოვის მიერ გაგზავნილი საპროტესტო ნოტებიც რუსეთის პოლიტიკაზე გავლენას ვერ ახდენს.
„ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც შეიძლება მოლდოვის რესპუბლიკაში, უკრაინაში და ყველგან ამ დრონების შესაჩერებლად, არის უკრაინის დახმარება და იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინამ ამ ომში გაიმარჯვოს“, - განაცხადა სანდუმ.