დროებით ოკუპირებულ სევასტოპოლში რუსეთის უსაფრთხოების ძალებმა 32 წლის მარგარიტა რეუტი დააკავეს. მას ბრალად ედება რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ოფიცრის, რობერტ შაგეევის მკვლელობა. სასამართლომ ქალს ორი თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მედიის ცნობით, 13 აგვისტოს სევასტოპოლში აფეთქების შედეგად შაგეევი დაიღუპა. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ნაგვის ურნაში იყო დამალული და მაშინ აფეთქდა, როდესაც სამხედრომ მასთან ახლოს გაიარა.
რუსული ძალოვანი უწყებები ამტკიცებენ, რომ რეუტი აფეთქებაში მონაწილეობდა და შესაძლოა უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა. ეს ინფორმაცია უკრაინულ მხარეს ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
New York Post-ის თანახმად, რეუტი ფიგურირებდა ესკორტის ვებგვერდებზე და მანამდე ცხოვრობდა იაროსლავლსა და სოჭში, პარალელურად კი რეგულარულად მოგზაურობდა ყირიმში. რუსული წყაროები ამტკიცებენ, რომ ის უკრაინის დაზვერვის მითითებით მოქმედებდა, თუმცა უცნობია, რა ვითარებაში დაამყარა კონტაქტი უკრაინულ სპეცსამსახურებთან. უკრაინის ხელისუფლებას აფეთქებაზე პასუხისმგებლობა საჯაროდ არ აუღია.
პირველი რანგის კაპიტანი რობერტ შაგეევი - უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილი ოფიცერი იყო, რომელიც 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ რუსეთის მხარეს გადავიდა. შაგეევი 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დროს შესრულებული როლის გამო, უკრაინის მიერ სახელმწიფო ღალატის ბრალდებით იძებნებოდა. იმ პერიოდში ის უკრაინის ერთადერთი წყალქვეშა ნავის, „ზაპოროჟიეს“ მეთაური იყო. მან ყირიმის დაკავების დროს ხომალდი ჩააბარა და რუსეთის ძალებს შეუერთდა. უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს კი, ის რუსეთის შავი ზღვის ფლოტში მსახურობდა.