აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთს სამხრეთ კორეასთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების მასშტაბის მნიშვნელოვნად შემცირება დაავალა. ამის მიზეზად ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან „ძალიან კარგი ურთიერთობის“ გაფუჭების სურვილის არქონა დაასახელა.
ამის სეასხებ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში წერს.
„ჩრდილოეთ კორეის კიმ ჩენ ინთან ჩემი ძალიან კარგი ურთიერთობის გათვალისწინებით, უკმაყოფილო ვარ, რომ შეერთებული შტატები დიდი ხნის წინ დათანხმდა სამხრეთ კორეასთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას.
ეს წვრთნები არა მხოლოდ ძვირი ჯდება და, როგორც წესი, ხარჯების უმეტეს ნაწილს აშშ იხდის, არამედ სრულიად შეუსაბამო და მტრულ სიგნალს უგზავნის ქვეყანას, რომელიც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში საფრთხეს არ წარმოადგენდა და პატივისცემას იჩენდა“, - წერს ტრამპი.
ტრამპმა აღნიშნა, რომ წვრთნების სრულად გაუქმება უკვე გვიანია, ამიტომ პენტაგონის ხელმძღვანელს მათი მასშტაბის „მნიშვნელოვნად შემცირება“ დაავალა.
აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ყოველწლიური ერთობლივი სამხედრო მანევრები, რომლებიც 11 დღეს გაგრძელდება, ორშაბათს იწყება. მათი მიზანია ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მომდინარე საფრთხის შეკავებისთვის მოკავშირეთა ერთობლივი ოპერატიული მოქმედებების დახვეწა.