საბერძნეთის კუნძულ სალამინაზე, ათენის დასავლეთით, ტყის ხანძრებს ორი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა. ამის შესახებ ხელისუფლებამ განაცხადა.
მედიის ცნობით, გარდაცვლილები ხანდაზმული ცოლ-ქმარია.
ევროპის მასშტაბით, მაღალი ტემპერატურის შედეგად გვალვა გაძლიერდა, წყლის რესურსებზე ზეწოლა გაიზარდა და მცენარეული საფარი უკიდურესად გამოაშრო, რამაც ესპანეთში, საფრანგეთსა და საბერძნეთში ტყის ხანძრებს თითქმის უპრეცედენტო ფართობებზე გავრცელების შესაძლებლობა მისცა.
საბერძნეთის სანაპირო დაცვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ზონიდან 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
საბერძნეთის მასშტაბით ხანძრების გაღვივებას ხელს უწყობდა ძლიერი ქარი, თუმცა დღის მეორე ნახევარში ქარმა იკლო.
ხანძარი საბერძნეთში ზაფხულის ტურისტული სეზონის ყველაზე დატვირთულ უქმეებზე, 15 აგვისტოს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის პერიოდში გაჩნდა. ამ დროს ათენელები ხშირად მიემგზავრებიან ახლომდებარე კუნძულებზე, მათ შორის სალამინაზე.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რამდენიმე სახლი დაზიანდა, ხუთი ადამიანი კი ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს.
ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებული იყო დაახლოებით 192 მეხანძრე, 14 თვითმფრინავი და ვერტმფრენი და მოხალისეთა ჯგუფები.