აშშ-ის ჯანდაცვის მდივნის, უმცროსი რობერტ ფრენსის კენედის ვაჟზე კონორ კენედზე უკრაინის ომში მონაწილეობისთვის რუსეთმა საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. შესაბამისი დოკუმენტები მოსკოვის საქალაქო სასამართლოში წარადგინეს. ამის შესახებ The Independent წერს .
რუსეთში კონორ კენედის „უცხოელ დაქირავებულ მებრძოლად“ მიიჩნევენ. მოსკოვის სასამართლომ კენედის დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა. დაკავების შემთხვევაში მას რუსეთის კანონმდებლობით 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
აღნიშნულია, რომ 32 წლის კონორ კენედიმ ადრე განაცხადა, რომ უკრაინაში შეუერთდა უკრაინის საერთაშორისო ლეგიონს და „მზად იყო მომკვდარიყო“ უკრაინისთვის. 2022 წლის ოქტომბერში მან საჯაროდ განაცხადა, რომ სრულმასშტაბიანი ომის პირველ თვეებში უკრაინის მხარეს იბრძოდა.
„ღრმად შეძრული ვიყავი იმით, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკრაინაში ხდებოდა. მინდოდა, დახმარება აღმომეჩინა. როდესაც უკრაინის საერთაშორისო ლეგიონის შესახებ გავიგე, მივხვდი, რომ იქ უნდა წავსულიყავი და მეორე დღესვე საელჩოში მივედი ჩასაწერად“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში .
გარდა ამისა, კენედი ამბობდა, რომ უკრაინაში ომი „ამ საუკუნეში დემოკრატიის ბედს განსაზღვრავს“. მან ასევე მოუწოდა ხალხს, შეერთებოდნენ უკრაინის საერთაშორისო ლეგიონს, დახმარება აღმოეჩინათ საზღვარზე ან სამედიცინო საშუალებები გაეგზავნათ.
რუსული მხარე აცხადებს, რომ კენედი, სავარაუდოდ, „უკრაინის არმიის შემადგენლობაში ხარკოვის ოლქში ადგილობრივი მცხოვრების სახით“ იბრძოდა.
ცნობისათვის, კონორ კენედის პაპის ძმა ჯონ კენედი აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი იყო .