ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან საწვავის მიღება დაადასტურეს.
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის კომენტარს ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის წარმომადგენლებმა კომენტარის გაკეთება სთხოვეს ოკუპირებულ რეგიონში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაზე.
„რუსეთის ფედერაციიდან საწვავის მიწოდება კონტრაქტით გათვალისწინებული მოცულობების ფარგლებში კვლავ ხორციელდება. თუმცა, შექმნილი ვითარებისა და გარე ფაქტორებით გამოწვეული გარემოებების გამო, საავტომობილო საწვავი აფხაზეთის რესპუბლიკის საჭიროებებისთვის საკმარისი არ არის.
ამასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საწვავის ალტერნატიული წყაროებიდან მოწოდების შესაძლებლობის შესახებ. საწვავის ბაზრის მონაწილეებმა შეძლეს საქართველოდან საწვავის მიწოდების შესაძლებლობის მოძიება.
როგორც ცნობილია, ომის შემდგომ წლებში, საწვავზე არსებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, აფხაზეთის რესპუბლიკიდან საქართველოშიც ხორციელდებოდა საწვავის მიწოდება,“ - განაცხადეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთში საწვავზე შექმნილი კრიზის ფონზე, საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეს ინფორმაცია დაადასტურა და დააკონკრეტა, რომ საწვავი არა ხელისუფლებამ, არამედ ბიზნესმა კანონის დაცვით შეიტანა.