ბოლო პერიოდში ქვეყნის გარედან წამოიწყეს ახალი პროპაგანდისტული კამპანია, თითქოს ქართველები ცუდად ეპყრობიან გარკვეული ეროვნების ტურისტებს და მოუწოდებენ მათ, არ ჩამოვიდნენ ჩვენთან, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ რუს სპორტულ ჟურნალისტთან და ბლოგერთან, ნობელ არუსტამიანთან პოდკასტში სტუმრობისას განაცხადა.
“ჩვენთან ძალიან უსაფრთხოა. შემიძლია ვთქვა, რომ თბილისი და მთლიანად საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და უსაფრთხო ქალაქია. თუმცა, ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, ქვეყნის გარედან ძალებმა, სხვისი გავლენით, წამოიწყეს ახალი პროპაგანდისტული კამპანია ჩვენი ხალხის და ინტერესების წინააღმდეგ. ისინი ამტკიცებენ, თითქოს ქართველები ცუდად ეპყრობიან გარკვეული ეროვნების ტურისტებს და მოუწოდებენ მათ, არ ჩამოვიდნენ ჩვენთან. სპეციალური ყალბი ანგარიშებით, სოციალურ ქსელში ბოტები ავრცელებენ ინფორმაციას, რომელიც სიმართლე არ არის. წერენ, რომ საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს მარტო ტოვებენ ტყეში, სპეციალურად აფუჭებენ საკვებს, რომელსაც რუსი ტურისტები უკვეთავენ რესტორნებში და ეს ტყუილის მხოლოდ ნაწილია. შემდეგ ამ ცრუ ინფორმაციას, სამწუხაროდ, რეგულარულად აქვეყნებენ მსხვილი უცხოური ვებგვერდები, რომელთა აუდიტორიაც რამდენიმე მილიონია. შემდეგ ამ ინფორმაციას აქტიურად ავრცელებენ ბლოგერები, რომლებსაც, დიდი ალბათობით, აკონტროლებენ ამ ტყუილის ავტორები.
თუ არ მეშლება, ორი-სამი დღის წინ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო ქვეყნის წინააღმდეგ საქმიანობის ფაქტზე. ეს კამპანია საზღვარგარეთიდანაა ორგანიზებული და მას ქვეყნის შიგნით უჭერენ მხარს, რათა ზიანი მიაყენონ ჩვენს ეკონომიკას და სახელმწიფოს…
მსურს მართლა, გულწრფელად და ოფიციალურად ვთქვა, რომ მთელი ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელებში სრული ტყუილია. ჩვენს ქვეყანაში არავინ არ ექცევა ცუდად არც ერთ ტურისტს. რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს - არც რუსებს, არც უკრაინელებს, არც ევროპული, აზიური ან სხვა ქვეყნების მოქალაქეებს. ჩვენი ერი ღვთისგან საჩუქრად მიიჩნევს სტუმარს.
არ დაუჯეროთ ამ ტყუილებს, ჩამოდით საქართველოში და თავად ნახავთ, რომ ჩვენ ლამაზ ქვეყანაში, რომელსაც უდიდესი ისტორია და დიდი კულტურა აქვს, გელოდებათ დაუვიწყარი დღეები. გპირდებით, არასდროს დაივიწყებთ საქართველოში გატარებულ ბედნიერ მომენტებს. ასე რომ, ყოველთვის კეთილი იყოს თქვენი მობრძანება,” - განაცხადა კახა კალაძემ.