სერბეთი, ერთ-ერთი ბოლო ევროპული ქვეყანა, სადაც რუსეთის მოქალაქეებს თავისუფლად შესვლა შეუძლიათ, შენგენის ზონაში გაწევრიანებისთვის ემზადება, რაც რუსებისთვის ვიზების დაწესებას გამოიწვევს. ამის შესახებ გამოცემა The Moscow Times იუწყება.
"ბელგრადის მიზანია, 2027 წლის ბოლოსთვის შენგენის ზონაში შესასვლელად საჭირო პირობები შეასრულოს", - განაცხადა სერბეთის ევროპული ინტეგრაციის მინისტრმა ნემანია სტაროვიჩმა.
მისი თქმით, სერბეთის მთავრობამ უკვე შექმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო უხელმძღვანელებს, და დაამტკიცა აუცილებელი რეფორმების გეგმა. ამასთან, სერბეთი შენგენის ზონაში ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანების გარეშე შესვლას გეგმავს, რადგან, სტაროვიჩის შეფასებით, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება ამ ათწლეულის ბოლომდე ნაკლებად სავარაუდოა.
დიასპორისა და რეგიონის სერბების საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა დრაგან სტანოევიჩმა. , განაცხადა, რომ სერბეთში რუსეთთან სავიზო რეჟიმის შეცვლის საკითხიც განიხილება.
მისი თქმით, ვიზების შესაძლო შემოღება ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების კონტექსტში განიხილება.
ამჟამად რუსეთის მოქალაქეებს სერბეთში უვიზოდ შესვლა და ქვეყანაში 30 დღემდე დარჩენა შეუძლიათ. სერბეთი ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს 2014 წლიდან აწარმოებს.
2026 წლის აპრილში სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ქვეყანა წლის ბოლომდე აპირებს შეასრულოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შემდგომი წინსვლისთვის საჭირო კრიტერიუმები, მათ შორის მიგრაციისა და სავიზო პოლიტიკის სფეროში.