არ მიმაჩნია სწორად, რომ გიორგი ბარამიძე აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა, პიროვნება, ადამიანი, რომლის დაპატიმრებაზე სანქცია რუსეთს უკვე აქვს გაცემული,- ამის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელი, კობა ლიკლიკაძემ გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.
„გამომძიებელი დაინტერესდა, რა პერიოდში ვმონაწილეობდი 1992–1993 წლებში და როგორი იყო ჩემი გამოცდილება, თუ მინახავს დატყვევებული აფხაზები, თუ შევხვედრივარ გიორგი ბარამიძეს, რა მსმენია ტყვეთა გაცვლის პროცესის, თუ საბრძოლო მოქმედებების დროს მისი მონაწილეობის შესახებ. ამის ირგვლივ იყო ძირითადად საუბარი, რაზეც ამომწურავი პასუხები გავეცი. პირადად მე გიორგი ბარამიძე იქ არ მინახავს, მაგრამ მსმენია, რომ მონაწილეობდა ტყვეთა გაცვლის პროცესში. ეს მსმენია ჩემი კოლეგებისგან, პრესცენტრის იმ თანამშრომლებისგან, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ პროცესში. ასევე, გავიხსენე ერთი ეპიზოდი, როდესაც ახალგაზრდა აფხაზი ტყვე ჩავწერე, რომელიც გაიცვალა ერთ-ერთი მორიგი გაცვლის პროცესის დროს და, რომელმაც მაშინ თქვა, რომ ძალზე კარგად ექცეოდნენ ქართველები. ამ კატეგორიის სახელმწიფო მოღვაწისა და სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფი პირი ასეთ რამეს არ უნდა აკეთებდეს და უნდა ეყოს გამბედაობა, სწრაფად მოიხადოს ბოდიში და შეცვალოს ის, რაც ასე მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა.
ვფიქრობ, ბოდიშს ყველაზე მეტად ელოდებოდნენ ვეტერანები, ადამიანები, რომლებსაც, ბევრი ქართველი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, არც ხელფასი აქვთ მაღალი და არც სოციალური მდგომარეობა, აქვთ მხოლოდ ღირსება. იმას როდესაც იტყვი, რომ ტყვეებს ხვრეტდნენ, ხოლო იქით მხარე, თურმე ანგელოზები არიან და რუსული დისციპლინით მოქმედებენ, ეს მათ ღირსებას ლახავს. არ მიმაჩნია სწორად, რომ გია ბარამიძე აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა, პიროვნება, ადამიანი, რომლის დაპატიმრებაზე რუსეთს სანქცია უკვე გაცემული აქვს“, – აღნიშნა ლიკლიკაძემ.
ამასთან, ლიკლიკაძემ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, გორის ჰოსპიტალთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა.
“ეს განცხადება არათუ არაკორექტული იყო ჩემგან, არამედ სამხედრო მედიკოსების ღვაწლის შელახვა იყო. ეს განზრახვა არ მქონია. სიტყვა გამომრჩა, მაგრამ როგორი კონტექსტიც არ უნდა ყოფილიყო, ეგრევე მოვიხადე ბოდიში.
ეს იმ კატეგორიის შეცდომაა, რომელიც, ალბათ, იშვიათად დამიშვია და მომსვლია ჩემი ჟურნალისტური მოღვაწეობის განმავლობაში. დამნაშავე ვარ”, - განაცხადა კობა ლიკლიკაძემ.
ცნობისთვის, საუბარია კობა ლიკლიკაძის მიერ ტელეკომპანია “პირველთან“ ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექიმებმა დაჭრილი ჯარისკაცები მიატოვეს. მოგვიანებით კობა ლიკლიკაძემ განმარტა, რომ პირდაპირ ეთერში საუბრისას სიტყვა გამორჩა, კონტექსტი არასწორად იყო აღქმული და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა.