აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა საქართველოში რეგისტრირებულ კრიპტოკომპანიას, რომელიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) დაკავშირებული ფინანსური ოპერაციების შესრულებას უწყობდა ხელს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.
სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მიზანში კრიპტოკომპანიები ამოიღო, რომლებიც ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ აფინანსებენ და უკანონო ფინანსებს უწყობენ ხელს.
დასანქცირებულ პირთა შორის არის ირანში დაბადებული სიავაშ კაივანპური, რომელსაც დამატებით გააჩნია დომინიკისა და ავღანეთის მოქალაქეობები და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ცხოვრობს. კაივანპური კომპანიების მრავალეროვან ქსელს მართავს, რომელიც მხარს უჭერენ ციფრული ვალუტის უკანონო აქტივობას.
აშშ-მა კეივანპურსა და მასთან დაკავშირებულ რამდენიმე კომპანიას სანქციები ტერორიზმთან დაკავშირებული სანქციების რეჟიმის ფარგლებში დაუწესა. ეს აშშ-ში არსებული ან აშშ-ს პირების მფლობელობაში ან კონტროლქვეშ მყოფი მათი ქონებისა და ქონებრივი ინტერესების დაბლოკვასა და აშშ-ს პირებისთვის მათთან დაკავშირებული ტრანზაქციების შესრულების აკრძალვას გულისხმობს.
„კაივანპური, საქართველოს რესპუბლიკაში დაფუძნებული კომპანია „შპს შელბით“-ის მეშვეობით Shelbit Exchange-ს მართავს. „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ კუთვნილმა ციფრული ვალუტის მისამართებმა Shelbit Exchange-ის ციფრული ვალუტის მისამართზე 1 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ციფრული აქტივები გააგზავნეს. ასევე, Shelbit Exchange-ის მისამართებიდან „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ციფრული ვალუტის მისამართებზე 2 მილიონ დოლარზე მეტი თანხა გადაირიცხა“, - ნათქვამია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.