უკვე მერამდენედ ხდება ენერგეტიკული კოლაფსი, მთელი საქართველო გაითიშა და პასუხად გვეუბნებიან რომ თურმე სატესტო ვერსიები ჰქონიათ - ადამიანები მეტროსადგურებში იყვნენ გაჩერებულები, გვირაბში მოუწიათ სიარული,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.
სიორიძე გამოეხმაურა გუშინ ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვას.
მისი თქმით, ცოტახნის წინ "ზარდიაშვილი შესწირეს" დენის გათიშვას, თუმცა აღმოჩნდა, რომ სისტემა მოწყვლადია და კონკრეტული ჯგუფის ინტერესს ემსახურება.
"უკვე მერამდენედ ხდება ენერგეტიკული კოლაფსი, მთელი საქართველო გაითიშა და პასუხად გვეუბნებიან რომ თურმე სატესტო ვერსიები ჰქონიათ - ადამიანები მეტროსადგურებში იყვნენ გაჩერებულები, გვირაბში მოუწიათ სიარული.
ეს ნიშნავს იმას, რომ ისეთი ხარვეზი აქვს ჩვენ ელექტროსისტემას, რომელსაც ვერანაირი დაზღვევის მექანიზმით ვერ პასუხობენ, არ არის დივერსიფიკაცია, ერთი გადამცემი ხაზი თუ გაფუჭდება, დამზღვევი მექანიზმი იყოს სხვა ქსელების მეშვეობით.
ყველა მომწოდებელი, დისტრიბუტორი, ქსელის მართვაზე პასუხისმგებელი და მომხმარებლამდე მიმტანი კომპანიები ისეა არეული, რომ ყველა ერთმანეთისკენ იშვერს თითს, თან არავინაა დამნაშავე და ამავე დროს ყველა.
ცოტახნის წინ ზარდიაშვილი შესწირეს ამას, თითქოს ის იყო დამნაშავე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სისტემა მოწყვლადია, არ ემსახურება ქვეყნის სტრატეგიულ საჭიროებას, კონკრეტული ჯგუფის ინტერესს ემსახურება," - განაცხადა სიორიძემ.