სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე, რომ საუბარი გვაქვს მოსწავლეებს შორის თანასწორობაზე, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასა და სწავლის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობაზე. ეს მსოფლიო პრაქტიკითაც არის დადგენილი, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
„რეფორმა ჩვენ სასკოლო ფორმებითა და კიდევ სხვა ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტით დავიწყეთ – 15 სექტემბერს პირველ, მეშვიდე და მეათეკლასელებს სრულიად ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ სკოლებში. სახელმძღვანელოები ჰუმანიტარული და STEM მიმართულებების მიხედვით ძალიან მაღალი ხარისხისაა და მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ამისთვის წარმოუდგენლად დიდი სამუშაოები ჩატარდა. მოსწავლეებს სკოლებში დახვდებათ ახალი წესი, რომლითაც იზღუდება მობილური საშუალებების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში იმისთვის, რომ ბავშვი მაქსიმალურად კონცენტრირებული იყოს სასწავლო პროცესზე. ამის გარდა, გვაქვს სხვა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებები, რომლებიც რეფორმის კონცეფციით არის გათვალისწინებული. აბსოლუტურად ვერ გავიზიარებ იმ პოზიციას, რომ თითქოსდა მხოლოდ ფორმებზე ვართ კონცენტრირებული. ფორმა არის ერთ-ერთი, მაგრამ, ამავდროულად, უმნიშვნელოვანესი კომპონენტი“, – აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, თუ მშობელი გააპროტესტებს და არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება მექანიზმები, რომელიც შინაგანაწესის დარღვევისას შეიძლება ამოქმედდეს.
"როდესაც სასკოლო ფორმებზე საუბრისას მშობელი ამბობს: „მე არ ჩავაცმევ და აი, ვნახავ, ერთი, ბავშვს როგორ არ შეუშვებენ სკოლაში“ - აქ მნიშვნელოვანი ფაქტორი რა არის? პირველ რიგში, ის, რომ მშობელი ცალსახად მანიპულირებს ბავშვით. შეგახსენებთ, საუბარი გვაქვს დაწყებით კლასებზე და ბავშვი ჯერ კიდევ კარგად ვერ ათვითცნობიერებს რაზეა საუბარი და რა თქმა უნდა, აქ მშობლის ავტორიტეტი მოქმედებს.
აქვე შევახსენებ მშობლებს, რომ ბავშვი სკოლაში შეყვანასთან ერთად ისინი ხელს აწერენ და ეთანხმებიან შინაგანაწესს, რომელიც სკოლის ფარგლებშია დადგენილი. შინაგანაწესით, რა თქმა უნდა, განისაზღვრება, რომ ფორმის ტარება არის სავალდებულო. აქამდეც მოქმედებდა წესი, რომლითაც ეს ნებაყოფლობითი ხასიათის იყო, თუმცა ახალი სასწავლო წლიდან ფორმის ტარება დაწყებითი კლასების მოსწავლეების სავალდებულოა და ეს იქნება საერთო ყველა საჯარო სკოლისთვის.
იმ შემთხვევაში, თუ მშობელი მაინც გააპროტესტებს და არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება განსაზღვრული, როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები, რაც შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს. ყველა მშობელმა უნდა გაითავისოს გარკვეული პასუხისმგებლობა, რომელიც, პირველ რიგში, საკუთარ შვილთან აქვს და შემდეგ სრულიად საზოგადოებასთან", - განაცხადა მიქანაძემ.