პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს, ლუბლინში გამართული შეხვედრის დროს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი მას რუსეთის მიერ უკრაინაზე დაგეგმილი მასშტაბური საჰაერო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გადასცა.
ამის შესახებ Onet წერს.
ტუსკმა ამის შესახებ ლუბლინში გამართულ საკოორდინაციო შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც საგანგებოდ მოიწვიეს მას შემდეგ, რაც პოლონეთის საჰაერო სივრცე უცნობმა ობიექტმა დაარღვია. პოლონეთის შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე ადგენენ, თუ რა ობიექტი იყო ეს.
პრემიერმა გაიხსენა, რომ ოთხშაბათს ლუბლინში შეხვდა პრეზიდენტ ზელენსკის. სწორედ იმ ქალაქში, სადაც იმავე ღამეს საჰაერო თავდასხმის საფრთხის გამო განგაშის სირენები ჩაირთო.
„პრეზიდენტმა გამაფრთხილა, რომ მათ ჰქონდათ ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინაზე მასშტაბურ თავდასხმას განახორციელებდა. არსებობდა საფუძვლიანი მოლოდინი, რომ რუსეთი, განსაკუთრებით საჰაერო მიმართულებით, უკრაინაზე თავდასხმებს გააძლიერებდა,“ - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
ტუსკმა ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთსა და უკრაინას შორის თანამედროვე ანტისარაკეტო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა სხვადასხვა დაძაბულობისა და ემოციების მიუხედავად გაგრძელდება.
„მსურს ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ პოლონეთის მთავრობა უსაფრთხოების საკითხებში უკრაინასთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს,“ - განაცხადა ტუსკმა.
მისი თქმით, პოლონეთი უკრაინის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს, რადგან ამას განაპირობებს არა მხოლოდ სოლიდარობა და სურვილი, რომ რუსეთმა ომი არ მოიგოს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, პოლონეთის უსაფრთხოების ინტერესები.
შეგახსენებთ, ტუსკის განცხადებით, ამ დროისთვის ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ გასულ ღამეს პოლონეთის ლუბლინის ვოევოდობაში რუსული Х-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტა ჩამოვარდა.
პოლონურმა საინფორმაციო პორტალმა ასევე გაავრცელა სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომელზეც ლუბლინის ვოევოდობის ტერიტორიაზე ობიექტის ჩამოვარდნის მომენტია აღბეჭდილი.