აშშ-ის საელჩოდან სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსთან დაკავშირებით განცხადება ვინც გააკეთა, საკითხს კარგად არ იცნობს ან შეცდომაში იყო შეყვანილი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
ლევან მაჭავარიანს კითხვა დაუსვეს „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „საელჩო შეშფოთებას გამოთქვამს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო“.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საელჩოდან ვინც ეს განცხადება გააკეთა, ან საკითხს კარგად არ იცნობს, ან, შეიძლება, კითხვა იმგვარად იყო დასმული, რომ შეგნებულად შეცდომაში შეიყვანეს. სიტყვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის ძალიან დიდი სხვაობა არსებობს. ვის თუ არა, ამერიკის საელჩოს ამასთან დაკავშირებით ძალიან კარგად უნდა მოეხსენებოდეს. ნებისმიერი შემთხვევისას, რომელიც სასამართლოს მხრიდან დაჯარიმებით იყო დასრულებული, ყველგან იკვეთება საჯარო სივრცეში შემზარავი შეურაცხყოფა ერთი ადამიანის მხრიდან მეორეზე. ეს მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციისთვისაც ეს მიუღებელი უნდა იყოს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ მიმართულებით დღეს, შეიძლება, პრობლემები არსებობდეს, თუმცა ამაზე საუბარს არ ვაპირებთ, ვინაიდან ჩვენი ურთიერთობები ნორმალიზების პროცესშია და ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით ოპტიმისტური განწყობაა. აქედან გამომდინარე, მეტ სიღრმეში არ შევალ, თუმცა ვინც ეს განცხადება გააკეთა, ან საკითხს არ იცნობს კარგად, ან შეცდომაში იყო შეყვანილი“, – განაცხადა მაჭავარიანმა.